კვირიკაშვილმა „კანონიერ ქურდებს“ დაუნდობელი ომი გამოუცხადა

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დანაშაულად ცხადდება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, „ქურდული შეკრების“ ორგანიზება და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის, ასევე „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა დაუნდობლად შეებრძოლება ქურდულ მენტალიტეტს, რომელიც ქვეყანაში არასდროს მოიკიდებს ფეხს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პარასკევს შსს-მ მთავრობის განსახილველად გამოიტანა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობით, „კანონიერ ქურდს“ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო ცვლილებები 9-დან 15 წლამდე ვადით სასჯელს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ქურდული სამყაროს წევრობა 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯება, ახალი რედაქციით კი — 7-დან 10 წლამდე.

ქურდული სამყაროს წევრებისთვის სასჯელი მკაცრდება

„ჩვენ შევიმუშავეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, ასევე, დასჯადი ხდება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია… მთლიანობაში, მინდა აღვნიშნო და დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული! ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად თანმიმდევრულები და დაუნდობლები ვიქნებით, ვინაიდან, ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას!“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მიმდინარე წლის იანვარში შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის  ძირითადი ამოცანებია: ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციისა ნიშნითა და  სიძულვილის   მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ  ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე აღძრული საქმეების მონიტორინგი.

თავადასხმა იმერეთში - პოლიციამ ყაჩაღური დაჯგუფების წევრები დააკავა

„ასევე, მინდა მივესალმო უწყების გახსნილობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდეს ბალანსი უწყებაში“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

2005 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდი". მაშინ ქურდული სამყაროს წევრობა სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯებოდა, ხოლო „კანონიერ ქურდებს" პატიმრობა ხუთიდან ათ წლამდე ემუქრებოდათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

შემდეგ სასჯელი გაამკაცრეს — ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობა ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯება, ხოლო „კანონიერ ქურდებს" პატიმრობა შვიდიდან ათ წლამდე ემუქრებათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).