ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა: მთავრობის პრაქტიკული ნაბიჯები

მთავრობა 2018 წელს ტყეების დაცვას, მოვლასა და აღდგენას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა ცვლილებების პროექტი, რომელიც ტყით სარგებლობის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს.

2017 წლის დეკემბერში პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხე-ტყის უკანონო გაჩეხვას ომი გამოუცხადა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს გარემოსთვის მიყენებულმა ზარალმა 2017 წელს 8,5 მილიონი ლარი შეადგინა, ამასთან სატყეო კანონმდებლობის დარღვევის 1,7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

„ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს“, — განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ტყის დაცვაში სხვადასხვა უწყება ჩაერთვება.

პრემიერმა ტყის უკანონო ჩეხას ომი გამოუცხადა

„მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტრო ამ საკითხში ვერ იქნება წარმატებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და შემდეგ ყველა ძალოვანი უწყების კოორდინირებული მუშაობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოვუღოთ“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ტყით სარგებლობის ნორმების გამკაცრებასთან ერთად, მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა.

„ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის  — ბრიკეტების, პელეტების და სხვათა წარმოების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემას მოაგვარებს და ხანძრის პრევენციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს. ეს ხელს შეუწყობს ტყის შენარჩუნებას და მის აღდგენას.

თითქმის მილიონი - საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარობა იზრდება

ამასთან პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ნორმების გამკაცრება არ შეეხება მოსახლეობის შეშით მომარაგებას, ამავე დროს საბიუჯეტო ორგანიზაციების შეშით მომარაგების უზრუნველყოფის წესები გამარტივდება.

„საშეშე რესურსის დამზადებასაც უზრუნველყოფს სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო დაა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით“, — განაცხადა მან.

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ნათქვამია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი სამინისტრო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად ბუნების დაცვის სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვის კუთხით დაწყებულ მუშაობას გააგრძელებს.