თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. რუსული მხარე ამთავრებს შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტის ხელმოწერისთვის მზადებას, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმებითაა გათვალისწინებული, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთი ამთავრებს SGS-ის სამუშაოების დაფინანსების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზადებას. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საქართველოსთან შეთანხმების პრაქტიკული რეალიზება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს პრაღაში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განუცხადა.
ამასთან, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებითი უთანხმოებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიაზრებს უშუალოდ შეთანხმება. აბაშიძემ განაცხადა, რომ შეთანხმება არანაირად არ გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ე.წ. საბაჟო საზღვრების შექმნას დანარჩენ საქართველოსთან. საუბარი მიდის სავაჭრო დერეფნებსა და ტერმინალებზე.
„ზ. აბაშიძემ რუსეთის მხრიდან მოცემული შეთანხმების თითქოსდა არაკორექტული ინტერპრეტაციის საკითხი წამოსწია. საპასუხოდ მას დოკუმენტის ტექსტზე კონკრეტული ბმულები მოუყვანეს. ამასთან, კარასინმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო შეთანხმების პოლიტიკურ ჭრილში შეფასებისას მხარეებს შორის არსებული დიდი ხნის განსხვავებული პოზიცია ამჯერად პრობლემის სახით არ უნდა გამოიფინოს. საჭიროა, უბრალოდ, შეთანხმების შესრულება პირობების მკაცრი დაცვით", — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ადრე კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებისა და ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებამ „ნათელი მოჰფინა" საკითხს იმის თაობაზე, თუ სად გადის ქართული მხარის საბაჟო საზღვრები. საბაჟო საზღვრებში კარასინმა იგულისხმა „ყაზბეგის რაიონი რუსეთის საზღვართან, ადგილი მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება) და გორის შემოგარენი".
პრაღაში ბოლოს გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემები პრაღის შეხვედრების დღის წესრიგში არ შედის. აღნიშნული ხასიათის საკითხები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში იხილება.
გარდა ამისა, კარასინმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს აშშ-თან და ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებით.
„აღინიშნა, რომ თბილისის ასეთი კურსი, საერთაშორისო მოედნებზე კონფრონტაციულ ანტირუსულ ქცევასთან ერთად, საფრთხის ქვეშ აყენებს ორმხრივი ნორმალიზების მიღწევებს", — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, კარასინმა და აბაშიძემ დადებითად შეაფასეს 2017 წელს ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა სამჯერ გაიზარდა და 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
„რუსეთი ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორია. კერძოდ, რუსულ ბაზარზე საქართველოში წარმოებული ღვინის 2/3 შევიდა", — აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში ტარდება.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციებს 2009 წლიდან შვეიცარია ასრულებს. თბილისში შცეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მოქმედებს, ხოლო მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია ფუნქციონირებს.