კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება

ლოგიკური და ალოგიკური მოლოდინი, ფიქრით გაგონილი ყვირილი, უსიხარულო ცხოვრება...
Sputnik

„სიბრძნის სიმფონია" დღეს წარმოგიდგენთ ქართველ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, ნაირა გელაშვილს (1947 წ.). გამოცემულია მისი წიგნები: „დედის ოთახი", „მთვარით განათებული ბაღი", „ტრაგიკული გრადაცია", „წინწკლების ქოხი", „სარკის ნატეხები", „ამბრნი, უმბრნი და არაბნი", „მე ის ვარ", და სხვა.

• თუ გინდა, ქალი დაკარგო (ადრე თუ გვიან), უნდა ფიზიკურად დაუახლოვდე. სულერთია, ცოლია, თუ ისე… ცოლქმრობა ხომ ამის უტყუარი გარანტიაა. სხვაგან არა, როგორც ვხედავ, მაგრამ ჩვენში რატომღაც ასე ხდება. რატომ, არ ვიცი…

სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს...

• ცხოვრება სიზმარივით უნდა გაშიფრო, ყველას თავისი სიმბოლოები აქვსო…

• წუთები უნდა შეაგროვო, რამდენიმე წუთი მაინც, რომ თან წაიღო, სუვენირად… ამქვეყნიდან გუდა-ნაბადს როცა აიკრავ.

• არ შეიძლება, კაცმა ფიქრით ყვირილი გაიგონოს? ანდა ისე იგრძნოს რაიმე, დაუნახავად და მოუსმენლად?

• საერთოდ, ადამიანი ერთხელ მაინც თუ არ ნახე ქალაქგარეთ, ვერ გაიცნობ. მისი ბევრი კარგი თვისება გამოგრჩება. ქალაქს რომ გასცდებიან, ხალისი ემატებათ, ერთ-ორ წელს ჩამოიბერტყავენ ხოლმე მხრებიდან, თამამდებიან, ის საზიზღარი შებორკილობა უქრებათ… ჩემი აზრით, ურთიერთობის გამოსწორება, მოგვარება, გარკვევა, მოლაპარაკება ხალხმა ბუნების წიაღში უნდა მოახდინოს. საქმე ბევრად უფრო სასიკეთოდ წარიმართება…

მაიმუნმა გადაიხარხარა და დაიბადა... ადამიანი

• აქ მეძინა ცხრამეტი წელიწადი. მეძინა. ენით აუწერელმა სიძულვილმა შემიპყრო ამ ოთახის დანახვაზე. ის ბოლო ღამე გამახსენდა ჩემს ცოლთან: უსურვილო, უვნებო, უსიყვარულო. ისეთი სიბილწის განცდა დამეუფლა, კინაღამ დავიღრიალე. აქ, ამ საწოლში მე არასოდეს არ მიხაროდა. მხოლოდ კმაყოფილება იყო, ჩვევა და სიამოვნება. სიხარული კი არასოდეს. ნუთუ თვითონ არ უნდა ეგრძნო? მაშინ თავში გამიელვა, რომ საერთოდ, უსიხარულოდ ცხოვრება ყველგან და ყოველთვის სიმახინჯე იყო, ავადმყოფობა და სიბილწე. ოღონდ ამ აზრს ვერც ახლა დავასაბუთებ… ღმერთო ჩემო, ცხრამეტი წელიწადი კანონიერი მრუშობა. სანქციადადებული, ნაკურთხი, წმინდად შერაცხული ყველას მიერ…

• დაღონებისაა, დედისავ ცხოვრება, საწუხრად მოვედით, გულს ნუ გაიტეხ, ღმერთია მოწყალე… გულს დიდ შეძლება აქვის, იკუთებს, ივალალებს, გაიწ-გამოიწევს და ისევ შეჰღიმებს სოფელ-ქვეყანას.

• მთელი ჩემი ცხოვრება შიშმა შექმნა და შიში წარმართავდა მას. ყველაფერს გავექეცი, რაც კი რაიმეს ითხოვდა ჩემგან. ყველაფერს ვუღალატე და ხელიდან გამოვეცალე. თან თავი დავირწმუნე, რომ არავის არ ვჭირდებოდი. მარცხის შიშით ხელი არაფერს დავაკარე… ყველაფერი დიდი და ნამდვილი მაღიზიანებდა და არ მინდოდა… არ მსურდა, მოვალე ვყოფილიყავი და პასუხისმგებელი რაიმეს წინაშე… რისი გაგებაც ვერ შევძელი, იმის არსებობა საერთოდ უარვყავი. ისეთი ქალი შევირთე, რომელიც არ მიყვარდა, მაგრამ რომელსაც (დარწმუნებული ვიყავი) ვუყვარდი, რადგან ასე უფრო ადვილი იყო. თავი დავირწმუნე, რომ უსურვილოდ ცხოვრება უსაფრთხოდ ცხოვრებას ნიშნავდა. დაუძაბავად მინდოდა ყოფნა. არაფერი არ მიტვირთავს თანშეზრდილი, ჩლუნგი შიშის გამო – რომ მაინც არაფერი გამოვიდოდა.

თავისუფლების სირთულე, მონობის სიმარტივე და მარტოობაში დაბადებული პიროვნება

• და როცა ისევ და ისევ ვფიქრობდი: რაღა მე დამემართა? რაღა მე? რით დავიმსახურე ამხელა ბედნიერება და უბედურება? რაღა მე დამეკისრა ეს ჯვარი? – მისი სიტყვები გამახსენდა: "ბედისწერას ყველა კი არ აინტერესებს, სადა აქვს ამდენი დრო, ყველას აღზრდაზე და გამოწვრთნაზე იზრუნოს. ზოგს ერთხელაც კი არ შეხედავს სიკვდილამდე"…

• არც მე ვაინტერესებდი განგებას აქამდე: მიდიოდა ჩემი ცხოვრება მდორედ. ან ეგებ ნელ-ნელა მივლიდა გარს და წრე სულ უფრო ვიწროვდებოდა? არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ახლა აშკარა იყო – ბედისწერამ ჩემთვის მოიცალა და საფუძვლიანადაც მოიცალა.

• თქვენ ფიქრობთ, რომ მოლოდინი ასეთი ლოგიკურია? მხოლოდ მაშინ ელოდებიან, როცა შესაძლებელია მისვლა? გეტყობათ, არავის არასდროს არ ელოდებოდით… თორემ მიხვდებოდით… რომ ყველაზე მეტად მაშინ შეიძლება, ელოდო ვინმეს, როცა მისი მოსვლა მართლა შეუძლებელია… თანაც ასეთ დროს, როცა კვდები… ეს უკვე ნატვრაა…

მოკვდე რაიმეს გამო – იოლია, იცოცხლო – რთული

• ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა. მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება… იცი, რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ… და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას, შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას… და იცი, ერთხელაც მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი…