ქართული კინო „ბერლინალეს“ დასაპყრობად მიემგზავრება

ფილმი „ჰორიზონტი“ ქართველი ქალის რთულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ქართველი რეჟისორის თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი" მსოფლიო პრემიერა გაიმართება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 15-25 თებერვალს გაიმართება.

Netflix–მა კიდევ ერთი ქართული ფილმის დისტრიბუციის უფლება მოიპოვა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყაჯრიშვილის ფილმს სექციაში „პანორამა" აჩვენებენ (Panorama Berlinale). ეს არის ფესტივალის ერთ-ერთი ძირითადი პროგრამა, სექცია თამამი და არაორდინარული ფილმებისთვის, რომელიც არსისა და ვიზუალური ესთეტიკის ჩარჩოებს აფართოებს.

„ჰორიზონტი“ — ეს არის დრამატული ისტორია ერთი ქართველი ქალისა და მისი ოჯახის რთულ ცხოვრებაზე და ასევე იმაზე, როგორ შეიძლება გამოეცალოს ადამიანს საყრდენი საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ. საქართველოსა და შვედეთის კოპროდუქციით შექმნილ ფილმში მონაწილეობენ ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოქროშიძე.

„ვულოცავთ თინათინ ყაჯრიშვილს, ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს და წარმატებულ პერმიერას ვუსურვებთ ბერლინალეზე“, — ნათქვამია კონოცენტრის განცხადებაში.

გარდა ამისა, ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება „კრიტიკოსების კვირეული“, რომელსაც წელს სხვა ქართველი რეჟისორის — ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ გახსნის.

ბერლინის „კრიტიკოსთა კვირეული“, როემლიც გერმანიის კონოკრიტიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება, მაყურებლებს მისცემს უნიკალურ შანს გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის ყველაზე წარმატებულ კინოსიახლეებს. ურუშაძის ფილმს გერმანიაში პირველად აჩვენებენ.

„საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“ - ქართული ფილმი ტოპ-ხუთეულშია

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „ბერლინალეს“ ფორუმზე პირველად სამი ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი: ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რატი ონელის „მზის ქალაქი" და ნათია ნიკოლეიშვილის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სურათი „ლი-ლე“.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი სათავეს 1951 წლიდან იღებს და კინოსამყაროში კანისა და ვენეციის ფესტივალებთან ერთად ერთ- ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ მოვლენად ითვლება. მისი ძირითადი პრიზია „ოქროს დათვი“. 

წელს კინოჩვენების ჟიურის უხელმძღვანელებს გერმანელი რეჟისორი, სცენარისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი ტომ ტიკვერი.