თბილისის მეტროში 14 დაშავებულიდან 13 საავადმყოფოებში რჩება

მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა უმრავლესობამ ტვინის შერყევა მიიღო
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik.  მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 დაშავებულიდან ექიმებმა საავადმყოფოდან  ერთი გამოწერეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტი სამშაბათს, 10:30 საათზე მოხდა.

დაშავებულებიდან ერთი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოწერეს. ამ კლინიკაში  ოთხი დაშავებულია მოთავსებული, მათ შორის, პოლიციელი.

სტაციონარში დარჩენილი 13 პაციენტიდან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მათ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ, რადგანაც სერიოზული მოტეხილობები ჰქონდათ – კოჭ-წვივის სახსრის, წვივის ძვლისა და ლავიწის ძვლის. ამასთან, ექიმები მათ მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ.

დანარჩენმა დაშავებულებმა სხვადასხვა სიმძიმის ტვინის შერყევა მიიღეს. 

მეტრო „ვარკეთილმა“ მუშაობა განაახლა

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე  აღძრულია მუხლით „უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულებისას“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 2 წლამდე ვადით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლოების აღკვეთით.

სადგურ „ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, მეტროს განახლებული სადგური კი ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.