ფოთში მონადირეები საპროტესტო აქციას მართავენ

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ, რომლის მიხედვით, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მის შემოგარენში შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილებისა და ნადირობის უფლება მიეცემათ.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ფოთში 300-მდე მონადირე საპროტესტო აქციას მართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ, რომლის მიხედვით, კოლხეთის ეროვნულ პარკსა და მის შემოგარენში შეუზღუდავი, თავისუფალი გადაადგილებისა და ნადირობის უფლება მიეცემათ.

„არსებული კანონმდებლობა გვავალდებულებს, გავხდეთ კანონდამრღვევები“, – აცხადებს ასოციაცია „ფოთი და პალიასტომი ჩვენთვის“ თავმჯდომარე გიორგი ხომერიკი.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ პალიასტომის ტბის გავლით, იარაღის თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში გადატანა და იმ ადგილებამდე მიტანა, სადაც ნადირობა ნებადართულია, ეკრძალებათ.

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

„კანონმდებლობა პრაქტიკულად გვიკრძალავს კანონით მინიჭებულ უფლებას, რომ შევინახოთ და ვატაროთ სანადირო იარაღი, ასევე მოსაკრებლის საფუძველზე ამოვიღოთ ბუნებიდან გარეული ფრინველი. ამ კანონმდებლობით ეს შეუძლებელი ხდება. არ არსებობს სანადირო ადგილი ეროვნული პარკის შემოგარენშიც კი. ადრეც იყო ეს კანონი, თუმცა ასე უმოწყალოდ არ ხდებოდა აღსრულება. სპეცოპერაციის სტილში ხდება მონადირეების დაკავება, რასაც ვაპროტესტებთ”, — ამბობს ხომერიკი.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

აქციის მონაწილეები კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ფოთის მერის პირველ მოადგილე მამუკა პაპასკირს შეხვდნენ.

„ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კანონს. ადგილობრივ ხელისუფლებას არ შეუძლია აღნიშნული პრობლემის მოგვარება. თქვენს მოთხოვნებს გადავცემთ სამინისტროს“, – განაცხადა პაპასკირმა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მონადირეები პერმანენტული აქციების გამართვას აპირებენ.

კახეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

საქართველოში ცხოველებზე ინდივიდუალური ნადირობა აკრძალულია. ნადირობა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ სამონადირეო მეურნეობებში, რომლის ლიცენზიას ბოლო დრომდე გარემოს დაცვის სამინისტრო გასცემდა. წლის ბოლოს გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2013 წლიდან 2017 წლის ბოლომდე უკანონო ნადირობის დაახლოებით 2000-მდე ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 20 შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით არის აღძრული.

ბრაკონიერების სამიზნე სახეობებს განეკუთვნებიან შვლები, დათვები, ჯიხვები, ასევე გარეული ღორები, კურდღლები და არჩვები. რაც შეეხება სტატისტიკას ფრინველების შესახებ, ყველაზე სავალალო მდგომარეობა მწყერთან დაკავშირებით არის.