თბილისი აპროტესტებს საბაჟო პუნქტებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საბაჟოების გახსნამ კიდევ უფრო დაამძიმა ჰუმანიტარული მდგომარეობა რეგიონში
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ოფიციალური თბილისი გმობს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის მიერ საბაჟო პუნქტების გახსნას, რომელთა მიზანს ერთიან რუსულ საბაჟო სისტემაში ამ რეგიონების ინტეგრაცია წარმოადგენს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა ე.წ. პოსტი აფხაზეთში 2017 წლის ნოემბერში გახსნა. იმავდროულად ცხინვალლის ხელისუფლებამ ახალგორთან, „საბაჟოს“ გახსნის შესახებ განაცხადა.

რუსეთი მზადაა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღოს: კარასინმა პირობები დაასახელა

„საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად სხვადასხვა დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების ფონზე, ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა წარმოადგენს მოსკოვის პოლიტიკის ნაწილს — ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციითა და დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციით, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სივრცეში, მათ შორის, საბაჟო-ეკონომიკურ სისტემაში გაერთიანება“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა თხოვნით, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მექანიზმებსა და ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმებამ „ნათელი მოჰფინა“ საკითხს იმის თაობაზე, თუ სად გადის ქართული მხარის საბაჟო საზღვრები. „ეს არის ყაზბეგის რაიონი რუსეთის საზღვარზე, ადგილი მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც აფხაზეთის ტერიტორია იწყება) და გორის მიდამოები“, — განაცხადა კარასინმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

აბაშიძე კარასინის განცხადებამ 2011 წლის შეთანხმებაზე გააკვირვა

თავის მხრივ, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2011 წელს რუსეთთან მიღწეული შეთანხმება გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით სავაჭრო დერეფნების, და არა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებთან საბაჟო საზღვრების შექმნას.

პოზიციებში არსებული უთანხმოების გამო ამ საკითხებს საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი კარასინთან მორიგ შეხვედრაზე დასვამს, რომელიც პრაღაში 31 იანვარს არის დაგეგმილი.

საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვერდების ფორმატში ნარჩუნდება. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.