თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისის ცენტრში ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდენენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა 28 იანვარს, გამთენიისას, ვაკის პარკთან მოხდა. 23 წლის მირანდა ფაღავას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული.
როგორც ფაღავა საკუთარი Facebook-გვერდზე წერს, მარკეტში ფულის დასახურდავებლად შესვლისას უცხო პირმა დაუძახა და მასთან მისვლა სთხოვა. ფაღავას თქმით, თხოვნა დაჟინებულ მოთხოვნაში გადაიზარდა, შემდეგ კი ბრაზსა და ყვირილში. დაზარალებული განმარტავს, რომ თავდამსხმელი მამაკაცის გაღიზიანება მისმა გენდერულმა იდენტობამ გამოიწვია.
„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, მაღალქუსლიანები მეცვა, ის კი საკმაოდ ძლიერი და თან ნასვამიც იყო დიდი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, წამაქცია და წიხლებს მირტყამდა გინებისა და ტრანსფობიური განცხადებების ფონზე, შემდეგ აიღო მარკეტის შესასვლელში მდგარი რკინის დაფა და რამდენჯერმე ჩამარტყა“, — იხსენებს დაზარალებული.
როგორც მირანდა ფაღავა წერს, მან დახმარება სთხოვა იქვე მდგარ ჯიხურების გამყიდვლებს, რაზეც უარი მიიღო. დაზარალებულის თქმით, პოლიციის გამოძახება თავად იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მისი ტელეფონი დასატენი იყო.
„სახე დასიებულ-დასისხლიანებული მქონდა, ქუთუთოზე მაქვს ღია ჭრილობა, დაახლოებით 2-3 სმ. შიშისგან ვკანკალებდი და ვტიროდი, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა და იქვე მდგარი სადღეღამისო ჯიხურების გამყიდველებს ვთხოვდი პატრული და სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ, თუმცა ყველამ უარი თქვა დახმარებაზე“, — აცხადებს ფაღავა.
დაზარალებულის თქმით, საქართველოში ის გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ამიტომ იძულებულია, ქვეყანა დატოვოს.
მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მომხდარს სახელმწიფოში არსებულ არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ.
„დღევანდელმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამხელა აგრესია და ზიზღია საზოგადოებაში ლგბტ ადამიანების მიმართ. განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალების მიმართ. ეს არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ შესაბამისად,“ — განაცხადა „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტმა, მარიამ კვარაცხელიამ.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ლგბტ ადამიანების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში სახელმწიფოს გულგრილობაში ადანაშაულებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ასევე ამოღებულია ქუჩის კამერების ჩანაწერები.
მირანდა ფაღავას, სხვა ტრანსგენდერ მეგობრებთან ერთად, გასული წლის აგვისტოშიც დაესხნენ თავს. თავდამსხმელებმა მათ წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენეს და წიწაკის სპრეი შეასხეს.