„ოცნება" პრეზიდენტობას ბიძინა ივანიშვილს სთხოვს?

ქართული ოცნება ნეიტრალურ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი
Sputnik

„პოლიტიკურად ნეიტრალური საზოგადოებრივი მაუწყებელი აუხდენელი ქართული ოცნებაა“, — ასეთი ზუსტი შეფასება მოუძებნა ხუთშაბათს პარლამენტის თავმჯდომარის, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი ტელევიზიების წარმომადგენელთა შეხვედრას მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ ია მამალაძემ. ზუსტი შეფასება გურული ჟურნალისტისგან არავის გაჰკვირვებია. მათი ენამოსწრებულობა ცნობილია. აი, მსჯელობა — დაიძლიოს თუ არა ვეტო და რა სარგებლობას გვაძლევს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სავარაუდოდ, პარლამენტში ისევ გაგრძელდება. მაგრამ…

მაგრამ არის ერთი „მაგრამ“ — პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის 21-გვერდიან ვეტოში იმდენი არგუმენტიც ვერ იპოვა, რომ მარკერებით გაეხაზა. ეს კარგი საბაბია იმისთვის, რომ ვეტო დაიძლიოს!

…მივყვეთ თანმიმდევრობით: შეხვედრაზე გაირკვა, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარი 80 მილიონამდეა და ეს თანხა ძირითადად ე.წ. წამყვან არხებზე ნაწილდება. საზოგადოებრივ მაუწყებელს კი, 2013 წელს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტის 0,14% უპირობოდ ერგება საქართველოს ბიუჯეტიდან. ამჟამად ეს 53 მილიონია.

ვეტოა, ვეტო ანუ რატომ ვერ იქცა პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად

სწორედ ამიტომ ჩნდება საზოგადოებაში შეკითხვა — რა სარგებლობა მოაქვს მას? ანუ არხს, რომელსაც მთლიანი სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიეცემა, მისი რეიტინგი კი 3%-ს ვერ სცდება. შედეგად ვფიქრობთ, ხომ არ აჯობებს, გადასახადის გადამხდელთა ეს სახსრები მთავრობამ ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გამოსწორებას მოახმაროს?

სამსაათიანი შეხვედრის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში მასმედია ამტკიცებდა, სარეკლამო ბაზარი შემცირდაო. პარლამენტის თავმჯდომარის მონაცემებით კი ის გაზრდილა 2016 წელს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დისკუსიაში არ ერთვება. ისინი ფიქრობენ, რამდენი ანგელოზი დაეტევა ერთი ნემსის ყუნწზე და პარალელურად, თურმე, 15 იანვრის შემდეგ ჯერ ვერ დათვალეს, რამდენი იყო 2017 წელს სარეკლამო ბაზარი. როგორც ჩანს, ახალი წლის აღნიშვნამ შეუშალათ ხელი!

რაც მეტი, მით უკეთესი... ანუ საზმაუ ზედმეტი ფულის ძიებაში...

პარლამენტის თავმჯდომარის მონაცემებით, 2013 წლიდან სარეკლამო ბაზარი განუხრელად იზრდება. მხოლოდ 2015 წელს დაფიქსირდა კლება. მედიამფლობელებმა მას სწრაფად შეახსენეს, რომ 2016 წელი საპარლამენტო არჩევნების წელი იყო და გასაოცარი სწორედ ისაა, რატომ მეტი არ დაიხარჯა არჩევნებზე. უბრალოდ, ისევ პარლამენტის გადაწყვეტილებით, პარტიებს ტელეარხებზე უფასო და ფასიანი პოლიტიკური დრო ეკუთვნით, ამიტომ მათი სარეკლამო ხარჯებიც მცირდება.

რეგიონული და სარეკლამო ბაზარზე დამოკიდებული შედარებით მცირებიუჯეტიანი ტელევიზიები ამბობენ, რომ ამ ბაზარზე კიდევ ისეთი ძლიერი მოთამაშის გამოჩენა, როგორიც პირველი არხია, მათ საერთოდ არსებობის უფლებას წაართმევს.

გასაოცარი ჩანდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის ნათია კაპანაძის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ წინადადების შემუშავებაში ჩართული არ ყოფილა და, პრინციპში, ტვ-25-ისთვის რეკლამის წართმევით მათ ტელევიზიას არც რეიტინგის და არც შინაარსის თვალსაზრისით არაფერი შეემატება. კაპანაძე გამონაკლისია, რადგან არასამთავრობო სექტორიდანაა და არა მაღლაფერიძე-ანთაძის, არამედ ევროპული ტიპის მაუწყებლის შექმნაზე უნდა ოცნებობდეს.

ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი?

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მაუწყებელი, სავარაუდოდ, 1 ან 2 მილიონს წაიღებს დამოუკიდებელი ბაზრიდან. თუმცა მთავარი აქ სარეკლამო პროდუქტების გაყიდვის უფლებაა და მერე ყველაფერი ქართულად — ნაცნობ-მეგობრობა-ხელისუფლებასთან სიახლოვეზე იქნება დამოკიდებული. მართალია, ბოლოს მან ტონი შეარბილა და კიდევ ერთხელ შეხვედრის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, მაგრამ, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე უფრო ვეტოს დაძლევის იდეას ემხრობა და მარგველაშვილის მიმართ ანტიპათიას ვერ მალავს.

დაიძლევა თუ არა პრეზიდენტის მე-11 ვეტო, ეს ძალიან მალე, თებერვლის დასაწყისშივე გაირკვევა, მაგრამ უფრო დიდი ინტრიგა სწორედ ისაა, ამ საარჩევნო წელს ვის წარადგენს საპრეზიდენტო კანდიდატად „ქართული ოცნება“.

„ქართულ ოცნებას“ ერთადერთი უალტერნატივო კანდიდატი შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ — ბიძინა ივანიშვილი“, — ამის შესახებ დღეს პირველ რადიოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ ლევან ბოძაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის პრეზიდენტობა გარანტია იქნება „ქართული ოცნებისათვის“ – უმრავლესობაში დარჩეს 2024 წლის არჩევნებზეც.

ჰოდა, ახლა მთავარი ინტრიგა ის კი აღარაა, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის მე-11 ვეტოს და წავიდნენ თუ არა მაუწყებლიდან ანთაძე და აბსანძე, არამედ ის, ვისთან მოუწევთ შეჭიდება პრეზიდენტობის დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ კანდიდატებს. მათი შანსები ამ შემთხვევაში მეტად უპერსპექტივოდ გამოიყურება…

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!