კვირიკაშვილმა სერბეთს ვიზების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა

სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მაია გოიკოვიჩმა თბილისში საქართველოს პირველ პირებთან შეხვდრები გამართა
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მაია გოიკოვიჩმა სერბულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა აღნიშნა, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერბულ მხარეს სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებისათვის მადლობა გადაუხადა.

სერბეთის საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გოიკოვიჩის ხელმძღვანელობით საქართველოში ხუთშაბათს დაიწყო.

„ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოქალაქეებს, და სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნებაა, რომ ჩვენ დავამყაროთ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები. ეს ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ დასაწყისი, რომელიც ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც საპარლამენტო, ისე, ზოგადად, პოლიტიკურ დონეზე", — ციტირებს მაია გოიკოვიჩს მთავრობის პრესსამსახური.

საქართველოსა და სერბეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა მწვავე თემა განიხილეს

მან საქართველოს მთავრობის მეთაურს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მტკიცდება. მადლობას მოგახსენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების — ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.

მხარეებმა განიხილეს პოტენციალის ათვისების მნიშვნელობა ეკონომოკური მიმართულებით. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური კავშირების გარღმავებას ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნეს-ფორუმი, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

„ჩვენი ველით სერბეთის ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოსვლას წელს თბილისის ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ არ გვაქვს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები. ასე რომ, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისთვის და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის ბიძგის მისაცემად", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მხარეებმა ასევე საპარლამენტთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას გაუსვეს ხაზი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერბულ მხარეს ჩვეულებრივი პასრპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებისათვის მადლობა გადაუხადა.

სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, და მნიშვნელოვანია, რომ  საზოგადოების ყველა ფენამ და ორგანიზაციამ ეს პოზიცია სწორად აღიქვას და გაიზიაროს, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვა არ იგეგმება

პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის თქმით, მარგველაშვილისა და გოიკოვიჩის საუბარი სწორედ ამ თემებს შეეხო.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვები აბსოლუტურ თანხვედრაშია, ემთხვევა ჩვენი მოსაზრებები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, სერბეთის პარლამენტის სპიკერმა დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი სერბეთის პოზიციის შეუვალობაში იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“, — აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სერბული დელეგაცია ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ქართულ საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის აქტიური არ არის, თუმცა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს.