რატომ გაივლიან სპეციალურ შემოწმებას თბილისის 152–ე ბაგა–ბაღის აღსაზრდელები

ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს სრულად დააფინანსებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
Sputnik

თბილისი,  23 იანვარი — Sputnik.  თბილისის  152-ე საბავშვო  ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზის ნიშნები დაუფიქსირდა, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. 

რას აჭმევენ ბავშვებს თბილისის საბავშვო ბაღებში?

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  პედაგოგს სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა უტარდება, რომლის  საფუძველზეც დაენიშნება შესაბამისი მკურნალობის კურსი.

„ფილტვების დაავადებებისა და ტუბერკულოზის ცენტრის რეკომენდაციით, პრევენციის მიზნით, ბაგა-ბაღის იმ ჯგუფის აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან უშუალო შეხება ჰქონდათ, გაივლიან სპეციალურ შემოწმებას“, – აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით წარმოშობილ ხარჯებს სრულად დააფინანსებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის ბაღების პერსონალი გეგმიურად გადის სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამოკვლევებს.