ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები წელს დაიწყება

თბილისის მერის განცხადებით, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოს განსახორციელებლად წელს ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მილიონი ლარია გამოყოფილი
Sputnik

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები წელს დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ლილოს ნაგავსაყრელის დათვალიერების შემდეგ, იუწყება მერიის პრეს-სამსახური.

კალაძის განცხადებით, ლილოს ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე დედაქალაქისთვის. იგეგმება კვლევის ჩატარებაც, რომელიც დაადგენს, თუ რა რაოდენობის ბუნებრივი აირის მიღება შეიძლება მოქმედი ნაგავსაყრელიდან.

თბილისის მომავალი: როგორ გავხადოთ ნაგავსაყრელები უსაფრთხო და მომგებიანი

„გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები, პროექტებია განსახორციელებელი. ეს არის ყველაზე დიდი ნასგავსაყრელი, რომელიც დღეს მოქმედია და საჭიროა მისი დახურვა, კონსერვაცია, გაზშემკრების მოწყობა",- განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე, მოეწყობა გრუნტის წყლების გასაფილტრი ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ევროპული სტანდარტების ახალი, მესამე უჯრედი და გათვალისწინებული იქნება გარემოს დაცვის ყველა მიმართულება. ნაგავსაყრელის პირველი და მეორე უჯრედი კი ეტაპობრივად დაიხურება, მოგვარდება მეთანის პრობლემა, რომლის სუნი მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით, ზაფხულისა და ქარიანი ამინდის პერიოდში.

„ძალიან მნიშვნელოვანია გრუნტის წყლების გაფილტვრითი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ეს სამუშაოები წელსვე დაიწყება და ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია ამის დასრულება. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩავატაროთ კვლევა, რა რაოდენობის ბუნებრივი აირი შეიძლება მივიღოთ ამ მოქმედი ნაგავსაყრელიდან. ამ ოდენობას დასკვნა და კვლევები გვაჩვენებს",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, წელს ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 17 მილიონი ლარია გამოყოფილი რამდენიმეეტაპიანი სამუშაოს განსახორციელებლად.

ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში – დაკეტილია.

თბილისში ინოვაციური ნაგვის ურნები გამოჩნდება

გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ნორმების დარღვევით მოხდა, ის წყალსაცავთან ახლოსაა, და ეს საფრთხეს ქმნის. რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, იქ არსებობს ნიადაგის, სასმელი წყლის, სასოფლო დანიშნულების მიწებისა და ჰაერის დაბინძურების საფრთხეები.

2017 წლის სექტემბერში თბილისის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენების შესახებ.

პროექტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სრულ ციკლს მოიცავს, რაც გულისხმობს ნარჩენების სორტირება-რეციკლირებას (პოლიმერები, ცელულოზა, ტექსტილი, შუშა, მეტალი, ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ვინილი და სხვა) და გადამუშავებას თანამედროვე KDV ტექნოლოგიით — დახურულ უჟანგბადო სივრცეში.