თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში დანებით შეიარაღებული სამი პირი სახლში მარტო მყოფ ქალს თავს დაესხა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).
დაყაჩაღების მიზნით სახლში შესულმა სამმა პირმა 45 წლის ქალი აწამა.
„სახეში მირტყეს, ფული გაქვს და მოგვეციო. მივეცი რაც მქონდა. იმ დილით გოჭები გავყიდე და იმის ფული მომიტანეს 380 ლარი. მე ვუთხარი, მანდ არის საფულეში მეთქი“, — განაცხადა დაზარალებულმა.
დაზარალებულის ინფორმაციით, თავდამსხმელები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ოქროსა და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. ბოლოს, სასტიკად ნაცემი, წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს, თვითონ კი მიიმალნენ. დაზარალებულს ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში თავდამსხმელები სახლის გადაწვით დაემუქრნენ.
დაბმული ქალი თანასოფლელებმა მეორე დღეს იპოვეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.