ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები დააჯარიმეს

შემოწმდა ქალაქ ბორჯომში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში არსებული სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარების კვების ბლოკები
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე ჩატარებული შემოწმების შემდეგ, გამოვლენილი დარღვევების გამო კვების 46 ობიექტი დაჯარიმდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის 2017 წლის მაისში გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ითვალისწინებს.

„სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 74 ობიექტზე, საიდანაც გამოვლენილი დარღვევების გამო 46 მათგანი დაჯარიმდა. ბიზნესოპერატორებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები", —ნათქვამია განცხადებაში.

ტურისტულ ადგილებში არსებული კვების ობიექტები მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება

თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების ინსპექტორებმა, როტაციის პრინციპით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი და ახალდაბა) არსებული სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები შეამოწმეს. კვების ბლოკებში შემოწმდა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები. პარალელურად გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც.

მომხმარებლის ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საჯარო ადგილებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.