თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე გერმანიაში 59 წლის მამაკაცზე ყაჩაღურ თავდასხმასა და მის მკვლელობაში არიან ბრალდებული, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 გერმანულ მასმედიაზე დაყრდნობით.
საინფორმაციო საშუალების ცნობით, 39 წლის მამაკაცმა და მისმა 46 წლის მეუღლემ დააბეს სახლის მფლობელი და სასტიკად სცემეს. მიღებული ტრავმები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარს შეესწრო დაღუპულის 91 წლის დედა.
„მთავარი ეჭვმიტანილები ქალაქ ულმიდან არიან, ისინი აქ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. დაკავებულია 39 წლის ქართველი მამაკაცი და ასევე მისი 46 წლის რუსი მეუღლე. დაკითხვის დროს გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი, განსაკუთრებით, დაკავებული ქართველის ჩვენებაში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენებები გვაფიქრებინებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა", — განაცხადა ქალაქ ულმის პოლიციის პრეს-სპიკერმა ვოლფგანგ იურგენსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა ჯერჯერობით ვერ იპოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელებს თანამზრახველები ჰყავდათ, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ამ ოჯახს იცნობდნენ.