სომეხი სამხედროები თხილამურებზე დგომას საქართველოში სწავლობენ

ოთხი ქვეყნის სამხედოები სამთო მომზადებას ქართულ ბაზაზე გადიან
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ხუთი სომეხი სამხედრო საბაზისო კურსის ფარგლებში თხილამურებზე დგომის წესებსა და თოვლიან რელიეფზე დაბრკოლების გადალახვის ხერხებს სწავლობს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

სომეხი სამხედროების გარდა, საბაზისო კურსში მონაწილეობენ საქართველოს, ლატვიისა და პოლონეთის სამხედრო მოსამსახურეები — სულ 12 ადამიანი. სწავლება ორშაბათს დაიწყო და 2 თებერვლამდე გასტანს.

კურსის ფარგლებში სამხედროებს ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და გადარჩენა, საკაცის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაცია, თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში, ე.წ. „იგლუში“ ღამის გათენება მოუწევთ.

საქართველომ სომეხ სამხედროებს საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა შესთავაზა

კურსის გავლის შემდეგ სამხედროებს ტესტირება ჩაუტარდებათ. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე.

გასული წლის დეკემბერში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს და სომხეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას თბილისში ქართულმა მხარემ სომეხ სამხედოებს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლებაში მონაწილეობა შესთავაზა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლა 2004 დააარსეს. 2010 წელს, ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის” (Partnership for Peace) სკოლას „ნატოს განათლებისა და მომზადების ცენტრის“ სტატუსი მიენიჭა.

 სწავლების კურსის შემუშავებით დაკავებულია საფრანგეთის სამთო მომზადების ცენტრი.