რძის პროდუქტების მწარმოებელ 11 კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერეს

2017 წელს დაჯარიმდა რძის პროდუქტების მწარმოებელი 56 ბიზნესოპერატორი, მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 2017 წელს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი 11 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2017 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ და რეალიზატორ ბიზნესოპერატორებთან 424 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.

კონტროლის შედეგად განხორციელდა 373 ინსპექტირება და  51 დოკუმენტური შემოწმება. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 56 ბიზნესოპერატორი, მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ყველის 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა

კვლევის შედეგად ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 24 ბიზნესოპერატორი.    

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის განსაზღვრაზე  105 ნიმუშია აღებული.  Listeria monocytogenes-ის კვლევაზე — 120 ნიმუში, ხოლო სალმონელაზე — 255 ნიმუში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დარღვევა ამ კუთხით არ გამოვლენილა.

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქართველოს რძის" (Dairy Georgia) დაკვეთით კომპანია „მარკეტ ინტელიჯენს კავკასუსმა" (MIC-TNS) ჩაატარა კვლევა. ის ქართული ყველის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულების შესწავლას, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ყველის შემადგენლობის და ჰიგიენური ნორმების დაცვის შემოწმებას ისახავდა მიზნად.

„დამზადებულია საქართველოში“: ვირის რძისგან დამზადებული ყველი ევროპაში გაიყიდება

მთლიანი გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა 93% იმერულ ყველს მოიხმარს, ასევე დადასტურდა, რომ ყველი ქართველი მომხმარებლისთვის საკულტო პროდუქტია, რომელიც დაკავშირებულია ჯანსაღ კვებასთან და ჯანმრთელობასთან. თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი არაეტიკეტირებულ, გლეხურ პირობებში დამზადებულ ყველს ყიდულობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქარხნული წესით დამზადებული ყველი ნატურალური არ არის.

ყველის ლაბორატორიულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ 15 განსხვავებული ყველის მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების — კოლიფორმების და სტაფილოკოკების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე მეტია. ეს ბაქტერიები ძირითადად დაბინძურებული გარემოსა და მომსახურე პერსონალის მიერ ჰიგიენური ნორმების დარღვევის შედეგად ჩნდება.

კვლევის ფარგლებში რძის ცხიმის ანალიზიც ჩატარდა, რომლის თანახმადაც, 15 ნიმუშიდან 8-ში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმები, რომლებიც გადამუშავების პროცესში ტრანს-ცხიმებად იქცევიან და ხანგრძლივ პერსპექტივაში ამას ლეტალურ შედეგებამდეც კი მივყავართ.