თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მუშაობის ერთ–ერთ პრიორიტეტად 2018 წელს ქვეყნის განათლების სისტემის განვთარება დასახელდა. მან უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობა არა მხოლოდ თეორიული ცოდნით, არამედ მიმართული უნდა იყოს პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარებაზე.
წელს ქვეყნის განათლებაზე გამოიყოფა დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარი, საიდანაც ნახევარზე მეტი სასკოლო და სკოლამდელ განათლებაზე დაიხარჯება, აღნიშნულია კანონში „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ".
სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის თანახმად, 2018 წელს განათლების სფეროში სისტემური ცვლილებების ახალი ეტაპი დაიწყება, რათა განათლებისა და მეცნიერების სისტემა ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი გახდეს.
ძირითადი პრიორიტეტები
რეფორმა დაიწყება სკოლამდელი განათლების სისტემაში, სადაც იგეგმება სკოლისთვის მოსამზადებელი ჯგუფების შექმნა როგორც საბავშვო ბაღებში, ისე სკოლის ბაზაზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა 2018 წელს გააგრძელებს მუშაობას სკოლამდელი განათლების უკვე არსებული დაწესებულებების გაუმჯობესებისა და ახალი დაწესებულებების შექმნის მიმართულებით.
გარდა ამისა, საქართველოს განათლების სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას სასკოლო განათლების გაუმჯობესების მხრივ, რომლის პრიორიტეტი იქნება ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხი. ასევე იგეგმება სასკოლო განათლების სისტემის რეფორმირება და სისტემის შექმნა ტექნიკური, საზოგადოებრივი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნების შესწავლის გაძლიერებისთვის.
განათლების სამინისტრო 2018 წელს სასკოლო პროცესისადმი ბავშვების ინტერესის გაზრდას თანამედროვე ტექნოლოგიებით აპირებს. სახელმწიფო წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს და იმუშავებს სკოლებში თემატური კონკურსების მოწყობის მიმართულებით.
სახელმწიფო ასევე აპირებს იზრუნოს განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებზე მათი ცხოვრებისა და განვითარებისთვის შესაძლებლობების სრული უზრუნველყოფის გზით.
გარდა ამისა, სახელმწიფო აპირებს, რომ ტრანსპორტით უზრუნველყოს სკოლიდან შორს მცხოვრები ბავშვები და განაგრძოს სახელმწიფო სკოლების ყველა კლასის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.
უსაფრთხო სკოლა
განათლების სამინისტრო 2018 წელს განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებას აპირებს სკოლების უსაფრთხოების საკითხზე. ამისთვის ბიუჯეტიდან 12,8 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყოფა.
სკოლების უსაფრთხოების მიმართულებით 2018 წელს მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსწავლეთა შორის ძალადობის, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის გავრცელებისა და გამოყენების პრევენცია და აღმოფხვრა.
ბრძოლას განათლების სამინისტრო შსს-ს დახმარებითა და სკოლის მოსწავლეებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვით აპირებს.
ასევე, სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2018 წელს იგეგმება მოსწავლეებთან, ასევე მათი ოჯახების წევრებთან მუშაობა ქცევისა და ემოციური ნორმების კუთხით.
სახელმწიფო კიდევ 900 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს სასკოლო აქტიურობის ხელშეწყობისთვის. ამისთვის სკოლებში ჩატარდება თავისუფალი გაკვეთილები სპორტის, კულტურის, ხელოვნების შესახებ, ასევე ინტელექტუალურ-შემეცნებითი და ზოგადსაგანმანათლებლო გაკვეთილები, რომლებიც შედგენილი იქნება აქტიურობების ციკლისგან და მიმართული იქნება მოსწავლეთა ინტერესებზე.
ეს ჩვეულებრივი გაკვეთილების მსგავსი არ იქნება, არ ითვალისწინებს შეფასებებისა და საშინაო დავალებების სისტემას, ასევე თავისუფალი იქნება დასწრებაც.
განათლების ხარისხის განვითარება
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2018 წელს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. ამისთვის მთავრობა დაახლოებით 11,9 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
ეს სახსრები, პირველ რიგში, მიმართული იქნება სკოლის პედაგოგებისა და დირექტორების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
ასევე, 2018 წელს იგეგმება მუშაობა სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე და მასწავლებლებისთვის პროფესიული სტანდარტების შესამუშავებლად და მათ დასანერგად განათლების სისტემაში.