მაგდა „Sputnik–საქართველოს“ საკუთარი შემოქმედების, ოცნებების და მიზნების შესახებ ესაუბრა.
— დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი. თუმცა ამ განხრით არ მიმუშავია. ამჟამად საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობ.
– როდის და რატომ დაინტერესდით ხელნაკეთი ნივთების შექმნით?
— ძალიან მომწონს სახლის ისეთი ინტერიერი, სადაც სადა კედლებია და აქცენტი ლამაზ, დახვეწილ დეკორატიულ ნივთებზეა გაკეთებული. დაახლოებით ორი წლის წინ გადავწყვიტე თავადაც შემექმნა კედლის საკიდები. თავიდან საკუთარი სახლისთვის ვხატავდი. დროთა განმავლობაში დაგროვდა დიდი რაოდენობის ნივთები, კედლები ვეღარ იტევდა ამდენს. როცა მეგობრებმა ნახეს, ძალიან მოეწონათ და მირჩიეს საზოგადოებისთვისაც გამეზიარებინა. შევქმენი ფეისბუქის გვერდი, რასაც დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა.
– რა არის თქვენი ინტერესის სფერო, როგორ ნივთებს და დეკორაციებს ქმნით?
— ვხატავ ხის დაფებზე, ვაკეთებ გასაღების საკიდებს, სარკეებს… ჩემი ინტერესის სფერო ბუნება და მასთან დაკავშირებული ქმნილებებია. თითქმის ყველა დაფაზე ნახავთ ყვავილს, ჩიტს. თავიდან სწორედ ამ თემით დავიწყე ხატვა. თუმცა განსხვავებულ რამეებსაც ვხატავ, მოთხოვნიდან გამომდინარე. ჩემი მთავარი ხაზი კი მაინც ჩიტებია.
- რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოში ხელნაკეთი ნივთები?
— ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ვხვდებით ხელნაკეთ ნივთებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ძალიან კარგია. ადრე მაინც იშვიათობა იყო. შემფასებელი მრავალნაირია, ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგის ინტერესში კი არ ჯდება. გემოვნების საკითხია, ვის რა ურჩევნია.
– რამდენად სასიამოვნოა მათი შექმნის პროცესი თქვენთვის, რას განიცდით ამ დროს?
— თითქმის ყოველდღე, სამსახურის შემდეგ ვხატავ. რაც არ უნდა რთული დღე მქონდეს, საღამოს ისე ვიკარგები ხატვის პროცესში, რომ ჩემდაუნებურად ვისვენებ. კმაყოფილების გრძნობა მეუფლება, როცა ახალ და საინტერესო ფიგურებს ვქმნი და ვძერწავ ფუნჯით. ყოველთვის ვცდილობ დაწყებული ნახატი იმავე დღეს დავასრულო, რაც არ უნდა გვიანობამდე მომიწიოს მუშაობა, რადგან ის მუხტი და განწყობა, რაც სწორედ იმ დღეს მაქვს, შეიძლება მეორე დღეს აღარ მქონდეს.
– ვის აზრს და რჩევებს ითვალისწინებთ ყველაზე ხშირად?
— ხშირად ვეკითხები რჩევებს ოჯახის წევრებს, თუმცა ძირითადად მაინც ჩემი გემოვნებით და ინტერესის მიხედვით ვხატავ. როცა ინდივიდუალური შეკვეთები მაქვს, ვცდილობ მაქსიმალურად გავითვალისწინო დამკვეთის მოთხოვნა. ჩემი აზრით, ეს აუცილებელი პირობაა, რომ ისეთი ნივთი შევქმნა, როგორსაც ელიან.
– რა მასალით ქმნით ნივთებს, როგორ ხატავთ და აფორმებთ მათ?
— ძირითადად ხეზე ვხატავ აკრილის საღებავით, თუმცა აკვარელით და გუაშითაც მიხატია საჭიროებისამებრ. ხე ძალიან სასიამოვნო მასალაა სამუშაოდ, ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთაა. როცა მთავარ, ძირითად ფიგურას დახატავ, მისი ლამაზი დეტალებით და აქცენტებით შემკობა სახალისოა.
– საახალწლო დეკორაციებსაც ამზადებთ?
— უკვე მეორე ახალი წელია, რაც ამ თემაზე მუშაობა მომიწია. შემოდგომით, აცივდება თუ არა, ვიწყებ წინასაახალწლო ფუსფუსს. წელს დიდი მოთხოვნა იყო ამ თემატიკაზე, განსაკუთრებით მათგან, ვინც Secret Santa-ში იყო ჩართული. დაფებს მიკვეთავდნენ თავიანთი ადრესატების ინტერესების მიხედვით. 16-17 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიაში“ სტარტაპ მარკეტი გაიმართა. პირველად მივიღე მონაწილეობა. ძალიან კარგი სივრცე იყო სტარტაპერებისთვის. საშუალება მომეცა ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო და წარმედგინა ჩემი ნამუშევრები. ჩემ დახლს თითქმის ყველა ადამიანი ღიმილით უახლოვდებოდა, რადგან იქიდან სასაცილო და საყვარელი ჩიტები, მელიები, ციყვები და ირმები უღიმოდნენ. ვფიქრობ, მომხმარებელი უკმაყოფილო არ დარჩენილა.
– რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
— ვფიქრობ, უმთავრესი შინაგანი კმაყოფილებაა. თავადვე უნდა მოგწონდეს ნივთი, რომ შემდეგ სხვას შესთავაზო. ამიტომ, ვცდილობ მაქსიმალურად დადებითი ემოციით დატვირთული ნივთები შევქმნა.
– რაზე ოცნებობთ?
— ვოცნებობ ქალაქის ცენტრალურ და მყუდრო უბანში პატარა მაღაზია-სახელოსნო მქონდეს. იქ ვიჯდე და მთელი დღე ვხატავდე. თბილი და დადებითი სხივები იფრქვეოდეს ფანჯრებიდან, ეცემოდეს გამვლელებს და ისრუტავდეს შიგნით…