თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. 2018 წელს ჯანდაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულება გახდება, მის გასაუმჯობესებლად რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, რომელიც უფასო სამედიცინო მომსახურებით შეჭირვებულ მოსახლეობას უზრუნველყოფს. მკურნალობის გარდა სახელმწიფო ოპერაციებსაც აფინანსებს.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვაზე 983,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად რიგ ღონისძიებაზე მოხმარდება. განსაკუთრებული აქცენტი დაავადებათა პრევენციაზე გაკეთდება.
გაგრძელდება მოსახლეობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ სერვისით, რომლებითაც ის მანამდე სარგებლობდა.
გარდა ამისა, მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაზე, დაავადებათა ადრეულ გამოვლენაზე და საშიშ დაავადებათა გავრცელების კონტროლზე, მათ შორის შიდსისა და ტუბერკულიოზის.
მთავრობამ 1,9 მილიონი ლარი გამოყო დაავადებათა ადრეულ გამოვლენაზე, მათ შორის ისეთი დაავადებების გამოვლენის პროგრამებზე, როგორიცაა ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, პროსტატის კიბო, მსხვილი ნაწლავის კიბო. მთავრობა გეგმავს ყურადღება დაუთმოს 6 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების მსუბუქი და საშუალო დარღვევების გამოვლენასა და ადრეულ პროფილაქტიკას. გარდა ამისა, 2018 წელს ამოქმედდება დღენაკლულთა რეტინოპათიის გამოვლენისა და სიბრმავის პროფილაქტიკის საპილოტე პროგრამა.
სახელმწიფოსათვის კიდევ ერთი პრიორიტეტი გახდება მოსახლეობის იმუნიზაცია და პრეპარატების შესყიდვა ისეთი სპეციფიკური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ბოტულიზმი, დიფტერია, ტეტანუსი, გველის ნაკბენი, ყვითელი ციებ-ცხელება.
2018 წელს სახელმწიფო აპირებს გამოუცხადოს ბრძოლა წითელას მასობრივ გავრცელებას და ეპიდემიის პროფილაქტიკის მიზნით აუცრელ მოსახლეობასთან იმუშვებს.
გარდა ამისა, გაგრძელდხება ბრძოლა ინფექციურ დაავადებებთან და იმ დაავადებების პრევენციაზე, რომლებიც ადამიანს მწერებისა და პარაზიტებისგან გადაედება, დაეთმობა ყურადღება 14 წლამდე ბავშვებში ვირუსული დიარეების კვლევებს როტავისურულ, ადენოვირუსულ და ნოროვირუსულ ინფექციაზე.
გარკვეული თანხები გამოყოფილია ტუბერკულიოზთან, აივ-ინფეციასთან ბრძოლაზე, С ჰეპატიტის მკურნალობაზე, ბავშვებში კიბოს მკურნალობაზე, დიალიზითა და თირკმლის გადანერგვის უზრუნველყოფაზე, დღენაკლულთა მოვლაზე და იშვიათ დაავადებათა მკურნალობაზე.
გარდა ამისა, მთავრობა ყურადრებას დაუთმობს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას, გადაუდებელი დახმარების ხარისხსა და რეგიონებში სოფლის ექიმის როლის გაზრდას.