07:43 09 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
212 0 0

AstraZeneca-ს საქართველოს წარმომადგენლობა ამტკიცებს, რომ პაციენტის უსაფრთხოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების სარგებელი ვირუსისგან ადამიანების დასაცავად მნიშვნელოვნად აჭარბებს რისკს ყველა მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში, იუწყება „პირველი არხი“  AstraZeneca-ს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო, რომელიც ქვეყანაში 13 მარტს შემოვიდა. პრეპარატ Pfizer-ით (29,5 ათასი დოზა) ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ 8 909 ადამიანი აიცრა, მათგან კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს  ვაქცინით 6 893 ადამიანია აცრილი, ხოლო 2 016 პირი -  Pfizer-ით.

AstraZeneca-ს საქართველოს წარმომადგენლობის მტკიცებით, პაციენტის უსაფრთხოება AstraZeneca-ს  მთავარ პრიორიტეტად რჩება და კომპანიას აქვს ეფექტური და მოქნილი პროცესები გვერდითი მოვლენების შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების მიზნით, რომელსაც მუდმივ რეჟიმში უზიარებენ მარეგულირებელ ორგანოებს მთელ მსოფლიოში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა: თავის ტკივილი, მომატებული ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, ნანემსარის შეშუპება, სიწითლე, ტკივილი, მიეკუთვნება ვაქცინაციისათვის დამახასიათებელ მოვლენებს, საშუალო სიმძიმისაა და რამდენიმე დღეში გაივლის.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს რეაქციები ნაკლები სიხშირით გამოვლინდა ასაკობრივ ჯგუფში (≥65 წელს ზემოთ). ორი დიდი კლინიკური კვლევის და რეალურ მტკიცებულებათა (RWE) მონაცემები აჩვენებს მის უსაფრთხოებას და ეფექტურობას, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაქცინის როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიამ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმის შესახებაც გააკეთა კომენტარი  და განაცხადა, რომ ბაქრაძის საკითხის მოკვლევა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებაა და მოკვლევის შედეგების შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს.

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე 18 მარტს ახალციხეში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ მეორე დღეს თბილისში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ამჟამად მისი გარდაცვალების მიზეზებს იკვლევენ და უახლოეს მომავალში მზად იქნება სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი ადამიანებიდან 27 შემთხვევაში სერიოზული გვერდითი გართულება დაფიქსირდა, მათგან ოთხ შემთხვევაში საჭირო გახდა ინტენსიური თერაპია, სამ შემთხვევაში - ჰოსპიტალიზაცია, ორ შემთხვევაში კი - რეანიმაციული ღონისძიებები.

მთავარი თემები