00:59 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
244692

ძველად ფშავ-ხევსურეთში არსებული წაწლობის და სწორფრობის ტრადიცია ხშირად განსჯის და კამათის საგანი ხდება. ზოგი მას არასწორ ურთიერთობებს უწოდებს, ზოგიერთის მოსაზრებით კი ამ დროს ქალ-ვაჟის ურთიერთობა მხოლოდ წმინდა და სუფთა ელემენტებისგან შედგებოდა.

,

რისთვის იყო საჭირო და რატომ გაქრა ეს ტრადიცია - ეთნოლოგი ნინო ღამბაშიძე გვიამბობს.

ნინო ღამბაშიძე
ნინო ღამბაშიძე

 –წაწლობა ფშავში, სწორფრობა კი ხევსურეთში გავრცელებული ტრადიცია იყო. როგორც ცნობილია, სწორფრობის წესის გაჩენას ხევსურები ჩრდილოეთ კავკასიელთა თავდასხმების გამო თავდაცვით ნაგებობაში შეხიზნული ახალგაზრდების დამეგობრებას უკავშირებდნენ. ისინი ასევე დასძენდნენ, რომ ეს წესი ღვთის გაჩენილი იყო.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს იყო მამაკაცის წრთობის საშუალება. ასევე ფიქრობდნენ, რომ ამ დროს ქალი მამაკაცთან ურთიერთობის ანბანს სწავლობდა. სწავლობდა ასევე თავშეკავებას, რადგან ეს ურთიერთობა თავშეკავებაზე დაფუძნებული ურთიერთობა იყო. ყველაზე მთავარი ფაქტორი არის ის, რომ მათ ამ ურთიერთობით, შეეძლოთ განეცადათ სიყვარული, რომელიც შესაძლოა არ ჰქონოდათ ქორწინებაში.

ეს საკითხი არის ძალიან ბევრი მეცნიერის განსჯის საგანია და მას სხვადასხვა რაკურსი და სხვადასხვა მიმართულება აქვს. მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს იყო სხვა ასაკობრივ ჯგუფში გარდამავალი ახალგაზრდებისათვის ინიციაციის საშუალება.

ძალიან საინტერესო მოსაზრება ჰქონდა ისტორიკოსსა და ეთნოგრაფს ირაკლი სურგულაძეს — რომ ეს არის დანათესავების ერთ–ერთი ფორმა. ჩვენ ვიცით, რომ ნათესაობა არის სისხლისმიერი და არასისხლისმიერი. არასისხლისმიერ ნათესაობაში იგულისხმება, ნათლობა, მეჯვარეობა, დაძმობილება, ძუძუმტეობა და მათ შორის წაწლობა – სწორფრობა.  სწორფრების და წაწლების დაქორწინება კატეგორიულად იკრძალებოდა. ძალიან მკაცრად იყო დადგენილი ის წესები, რაც მათ ურთიერთობის დროს უნდა დაეცვათ. იყო შემთხვევები ისეთი სიახლოვე ჩნდებოდა, რომ დობილ–ძმობილობაში გადადიოდა. შემდეგში ისინი ძალიან თავდადებული და ერთგული მეგობრები ხდებოდნენ. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან დიდ სიყვარულში იზრდებოდა.

სწორფრობის ნაირსახეობად იმასაც ასახელებენ, რომ სტუმარს ასე ვთქვათ, უმასპინძლდებოდნენ მეზობელი ქალით. ამ წესებს ქვია წოლა–დგომის წესები. ძირითადად სწორფრები ამ დროს მსუბუქ ალერსსა და საუბარში ატარებდნენ. ეპრანჭებოდნენ, კოცნიდნენ ერთმანეთს. ვაჟს და ქალს მკაცრად დადგენილი უფლებები ჰქონდათ ერთმანეთის ალერსთან დაკავშირებით. უფლება ქონდა მხოლოდ ერთი ღილი შეეხსნა ქალისთვის. ამ დროს ყველამ ყველაფერი იცოდა, არაფერი არ იმალებოდა. თუ ქალი წამოუხტებოდა კაცს და გაექცეოდა, ეს კაცისთვის დიდი სირცხვილი იყო. ესე იგი მამაკაცი ქალს უპატივცემულოდ მოექცა და დადგენილ ნორმებს გადააჭარბა.

ხევსურები
ხევსურები

- რა ასაკიდან იწყებოდა სწორფრობა–წაწლობა და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ წაწლები?

— ეს იწყებოდა დაახლოებით 15 წლის ასაკში. ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო ყოფილიყო წაწალი, სწორფერი. ე.წ ელჩი არჩევდა წყვილებს და ერთმანეთს ახვედრებდა ახალგაზრდებს. მათი დაოჯახება, როგორც უკვე გითხარით წარმოუდგენელი იყო. თუ მაინცდამაინც მოხდებოდა ისე, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ და დაოჯახებას გადაწყვეტდნენ, ისინი სასტიკად ისჯებოდნენ. სხვათა შორის ხშირად უყვარდებოდათ ერთმანეთი, მაგრამ ამ სიყვარულის განხორციელების საშუალება არ ეძლეოდათ. ვიღაცას ვიღაცა მოსწონს და უნდა მასთან ურთიერთობა. შემდეგ ამ ურთიერთობას შეიძლებოდა გამოეწვია ღრმა, დიდი სიყვარული, რომელიც სჯობდა, რომ არ გასჩენოდათ, რადგან ამის განვითარება არ ხდებოდა. ყოფილა შემთხვევა, როცა ქალს ათხოვებდნენ და ამბობდა: არ მიყვარს საქმრო და როგორ გავყვე? მას პასუხობდნენ, გიყვარს რა სწორფერია?

- როგორ ისჯებოდნენ შეყვარებულები?

— თუ გაცხადდებოდა მათი კავშირი, ისინი მოიკვეთებოდნენ და განიდევნებოდნენ თემიდან.

- რა განსხვავებაა სწორფრობასა და წაწლობას შორის?

— როგორც უკვე გითხარით წაწლობა არის ფშაური ტრადიცია, ხოლო სწორფრობა ხევსურული. მათ შორის არის რაღაც განსხვავებები, მაგალითად წაწლობა შეიძლებოდა ხატში. ამბობდნენ, რომ ლაშარის ჯვარი იხდენს ამას. ხევსურეთში ეს არ შეიძლებოდა. განსხვავება კიდევ ის იყო, რომ ერთგან ქალი უნდა მისულიყო მამაკაცთან, მეორეგან კი პირიქით. დროთა განმავლობაში ძალიან მძიმე ფორმები მიიღო ფშაურმა წაწლობამ, რომელიც არაგვული წაწლობის სახელწოდებით არის ცნობილი. ის მიუღებელი გახდა საზოგადოებისთვის და ალბათ, ამიტომ მალევე გადავიდა, გადაშენდა.

სოფელი ახადი
სოფელი ახადი

- გოგოს შეეძლო უარი ეთქვა წაწლის არჩევის დროს?

— გოგონებს წაწლის არჩევის დროს შეეძლოთ უარი ერთქვათ, მაგრამ ქმრის არჩევის დროს ვერ იტყოდნენ უარს.

- რამდენი ხანი გრძელდებოდა სწორფრობა და რამდენი სწორფერი უნდა ჰყოლოდათ?

— შეგეძლო სწორფერი ან წაწალი მანამდე ჰყოლოდათ სანამ ქალი ან ვაჟი ოჯახს არ შექმნიდა. რაც უფრო მეტი სწორფერი ყავდათ, მით უფრო ამაყობდნენ და თავს იწონებდნენ ამით.

- რა ხნის მანძილზე არსებობდა ეს ტრადიცია?

— ჩემი აზრით, იმ მონაცემების მიხედვით რაც ჩვენ გვაქვს, გაჩნდა მე–17 მე–18 საუკუნეში. მეოცე საუკუნის ოციან წლებში ის უკვე გაქრობის გზაზეა.

- რა იყო ამ ტრადიციის გაქრობის მიზეზი?

— ვფიქრობ, გაქრობის მიზეზი იყო ის, რომ ფშავში ამ ტრადიციამ მიიღო ძალიან ცუდი ფორმები. გახშირდა სწორფრებს და წაწლებს შორის დაოჯახების ფაქტები. ალბათ ეს ტრადიცია თანდათან შეირყვნა და გაქრობის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

 

 

მთავარი თემები