სურსათის ეროვნული სააგენტო: კალიებს ყოველწლიურად ვებრძვით

გამოწერა
საქართველოში უდაბნოს კალიის შესაძლო გამოჩენის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მარტის თვეში გავრცელდა. მაშინ ამ ამბავმა მოსახლეობა ძალიან შეაშფოთა.

ახლახან თბილისში, მუხიანის დასახლებაში კალიების დიდი რაოდენობით გამოჩენის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს და შესაბამისი უწყებებისგან დახმარებაც ითხოვეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მუხიანში სპეციალური პრეპარატებით დაამუშავა ტერიტორია, სადაც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივებმა კალიები შენიშნეს, განუცხადა სეს-ის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა „Sputnik–საქართველოს“.

„როგორც კი შემოვიდა ინფორმაცია მუხიანის აგარაკების მიმდებარე ტერიტორიაზე კალიების გუნდის გამოჩენის შესახებ, ჩვენ მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები მაშინვე გავიდნენ ადგილზე, განსაზღვრეს წინასწარ დასამუშავებელი ფართობები და გაატარეს კერების ჩასაქრობად საჭირო ღონისძიებები“, – განაცხადა ნიკა მესხმა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს და წელსაც უკვე დამუშავებულია 16 000 ჰექტარზე მეტი ფართობი. კალიებს უწყების თანამშრომლები ძირითადად კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ებრძვიან. წელს ამ ჩამონათვალს სამცხე-ჯავახეთიც დაემატა.

კალია - Sputnik საქართველო
საქართველოში გიგანტური კალიები გამოჩნდა? – სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება

კალიების შეწამლვა სპეციალური ტექნიკით და პრეპარატებით ხდება, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეკომენდაციებით არის შერჩეული. იქიდან გამომდინარე, რომ კალიები საქართველოსთვის დიდი ხნის პრობლემაა, ქვეყანას ამ მავნებელთან ბრძოლის დიდი გამოცდილებაც აქვს, რომლის გასაცნობადაც საქართველოში არაერთი უცხოელი ჩამოდის.

საქართველოში ოდითგანვე კალიის ორი სახეობაა გავრცელებული: იტალიური კალია Calliptamus italicus და მაროკოული კალია Dociostaorus maroccanus.

ნიკა მესხის თქმით, ეს სახეობები აქტიურები მაისი-აგვისტოს პერიოდში არიან. ისინი ნიადაგში იზამთრებენ და უკვე მაისიდან იწყებენ ახლი თაობის გამოჩეკვას. თბილი ზამთარი და ნაკლები ნალექი კი ამ მავნებელის გამრავლებას უწყობს ხელს.

ჩვენში გავრცელებული კალია საშუალოდ 4 თვემდე ცოცხლობს, უპირატესობას მშრალ და ნახევარუდაბნო ადგილებს ანიჭებს. ის მწვანე მასით იკვებება. ერთ კალიას სიცოცხლის მანძილზე 300 გრამი მწვანე მასის განადგურება შეუძლია.

კალიები - Sputnik საქართველო
უდაბნოს კალიაღა გვაკლდა!

„კალია საფრთხეს უქმნის როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ასევე მწვანე საფარს, სწორედ ამიტომ ატარებენ ღონისძიებებს მის წინააღმდეგ და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა“, – აღნიშნა ნიკა მესხმა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველ წელს აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში.

„იქ არის გავრცელებული უდაბნოს კალია და აზიური ანუ გადამფრენი კალია. ეს სახეობები ჩვენთან არასდროს არ დაფიქსირებულა, უფრო მეტიც, ორგანიზაციის მიმდინარე წლის ანგარიშში ამ კალიების გავრცელების არეალი საქართველოსთან ახლოსაც არ არის“, – თქვა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0