ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი Forbes წერს.
ივნისის დასაწყისში ევროკავშირმა განაცხადა, რომ 1 ივლისიდან დაიწყებს საზღვრების გახსნას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის ფონზე უსაფრთხოებას ინარჩუნებენ და ტურისტისთა გარკვეულ ნაწილს სამგზავრო აკრძალვას მოუხსნის.
რამდენიმე კვირის წინ კი ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეადგინონ იმ მესამე ქვეყნების ერთობლივი სია, რომელთა მოქალაქეებსაც უახლოეს მომავალში მათ ტერიტორიებზე შესვლაზე შეზღუდვები მოეხსნებათ.
„იდეა ის არის, რომ შევძლოთ მაგიდაზე დავდოთ იმ ქვეყნების სია, სადაც 1 ივლისიდან შევძლებთ წასვლას, ან ჩამოსვლას”, – ამბობენ ევროპულ ორგანიზაციაში.
ასე რომ, სულ რამდენიმე დღეში შესაძლებელი გახდება საერთაშორისო მოგზაურებმა ევროპის საზღვარი გადაკვეთონ.
ვინ შეძლებს ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთას
პირველ რიგში, მხოლოდ ის ტურისტები, რომლებიც ევროპელების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ არ დააყენებენ.
გეგმის მიხედვით, ევროკავშირის საზღვრების კვეთას მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შეძლებენ, სადაც COVID-19-ის პანდემია კონტროლის ქვეშაა.
ევროკომისიაში აღიარებენ, რომ საკმაოდ რთული გადასაწყვეტია, თუ ვის აუნთებენ მწვანე შუქს. 50 ქვეყნის სიას ადგენენ COVID-19-ის „ძალიან ობიექტური" ეპიდემიოლოგიური მონაცემების საფუძველზე, მათ შორის უდიდეს ყურადღებას აქცევენ – როგორია ინფექციის დონე, როგორც ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში, ისე საზღვრებს მიღმა.
სავარაუდოდ, იმ ქვეყნების შესახებ დეტალები, რომლებსაც მწვანე შუქს აუნთებენ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. ამის გარკვევაში ევროკავშირს საერთაშორისო დიპლომატიური მისიები ეხმარებიან. სწორედ დღეს გაეცნობიან ელჩები ამ გეგმას.
ევროკომისიაში ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, ქვეყნების სია ყოველ 15 დღეში განახლდება და შეიცვლება.
მწვანე შუქი, სავარაუდოდ, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის ქვეყნებს აენთებათ.
როგორც Forbes წერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებიდან გამომდინარე, 1 ივლისიდან ევროპაში მოგზაურობის დიდი შანსი დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონის ბევრ ქვეყანას (ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, იაპონია და ა.შ.), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის ქვეყნებს აქვთ, სადაც ინფექციის დონე ევროკავშირის მსგავსია ან უკეთესი.
ევროპასა და ამერიკას შორის საზღვრების გახსნა ნაკლებად სავარაუდოა.
კითხვაზე, გახსნიან თუ არა ევროპის საზღვრებს შეერთებულ შტატებთან ან კანადასთან, ევროკომისიაში პასუხობენ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
„დღეს ვერ ჩამოვთვლით იმ ქვეყნების სიას, რომლებთანაც საზღვრებს გავხსნით, რადგან ეს სია იქმნება ჯანმრთელობის ძალიან მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე და ინფექციების ტენდენციების გათვალისწინებით. როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკის კონტინენტები ისეთ ქვეყნებს მოიცავს, სადაც ვირუსი კვლავ განსაკუთრებით აქტიურია“, – აცხადებენ ევროკომისიაში.
ბრაზილია რომ ვერ მოხვდება ამ სიაში, ცხადია. აშშ-სა და კანადაზე კი ჯერ მსჯელობა მიდის. ასე რომ, ამ ზაფხულს ამერიკის კონტინენტი ევროპელებისთვის, სავარაუდოდ, მიუწვდომელი იქნება.
კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოგზაურებისთვის საზღვრები 17 მარტს ჩაკეტა.