13:03 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
7700 0 0

ტურისტული სფეროს აღსადგენად, რომელსაც კორონავირუსის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა, თითქმის მთელი მსოფლიო გეგმავს შეიმუშაოს ერთიანი დოკუმენტი პირობითი სახელწოდებით „COVID–პასპორტი“, რომელიც უსაფრთხოების სერტიფიკატის როლს შეასრულებს.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს არც საქართველო ჩამორჩა. როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა, ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც კარს გახსნის მოგზაურებისთვის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტურისტებს, სავარაუდოდ, საქართველოში შემოსვლისას მოუწევთ დოკუმენტის წარმოდგენა – რომ კორონავირუსზე ბოლო 72 საათში გამოკვლეული არიან და მათი პასუხი უარყოფითია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მიიღებს დოკუმენტს, რომლითაც მოგზაურობის საშუალება ექნება. დიდი ალბათობით, ეს იქნება ცნობა, ხოლო ანალიზი ჩატარდება იმ ქვეყანაში, საიდანაც დაიწყება მოგზაურობა. დოკუმენტი ამბობს, რომ ადამიანი კორონავირუსით ამჟამად ინფიცირებული არ არის.

თუმცა... დაცული არავინაა და ადამიანი შესაძლოა ტესტირებიდან 1 საათში დაინფიცირდეს. რა ხდება ამ დროს? რა აზრი აქვს COVID–პასპორტს, როცა მოგზაურს რამდენიმე დღეში შესაძლოა სიმპტომების გამოვლენა დაეწყოს, დავიცავთ კი საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას COVID–პასპორტით?

ექსპერტები მთავრობისგან დეტალების დაზუსტებას ელოდებიან.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა სერგო ჩიხლაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ როგორი გამართული მექანიზმითაც არ უნდა მოხდეს ტურისტების ჩამოსვლა საქართველოში, ინფექციის გავრცელებისგან 100%-ით დაზღვეულები მაინც არ ვიქნებით, თუმცა ეს საგანგაშო არ არის.

„რისკი არსებობს, თუმცა ეს არის მინიმალური საფრთხე. ვირუსი კიდევ იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. თუ საქართველოს აეროპორტებში მოხდება მგზავრების შემოწმება, მაშინ მთავრობამ უნდა გვითხრას, როგორ აპირებს ინფიცირებულების დაბრუნებას, ან კარანტინში გადაყვანას, ან როგორი იქნება ფინანსური მექანიზმი. დასაზუსტებელია ფინანსური საკითხიც. თუ 72 საათით ადრე მოხდება ადამიანის შემოწმება საზღვარგარეთ, კერძო ლაბორატორიაში, ამ შემთხვევაში რა ეღირება შემოწმება. თუ ტესტირება მოხდება გამოფრენის წინ, ნაკლები შანსია მგზავრის დაინფიცირების. გამოფრენის წინაც კი არ ვართ 100%-ით დაზღვეული. შესაძლოა სიმპტომები შემდეგ დღეს გამოუვლინდეს, მაგრამ, საბოლოოდ, მთავარია – გამართული მექანიზმი იყოს“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას თქმით, ისეთ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც საქართველოში ჩამოსულ ადამიანს ტესტი ჩატარებული არ ექნება, ქვეყანაში შეიქმნება სწრაფი PCR–ტესტების აღების შესაძლებლობა. თუმცა, როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ტესტი 100%-იან პასუხს არ გვაძლევს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ მოგზაურობის მსურველს თავად მოუწევს ტესტის საფასურის გადახდა.

„როდესაც რეგულაციებზე ვსაუბრობთ, მიზანია რისკის შემცირება. PCR–ტესტიც შეიძლება შეცდეს მაშინ, როდესაც იმ დროს ადამიანი არ გამოყოფს ვირუსს. დიდი ალბათობით მოგზაურობის მსურველს თავად მოუწევს ტესტის საფასურის გადახდა. იმაზეც არის მსჯელობა, რომ საქართველოს აეროპორტებში მოხდეს ტესტირება, თუმცა ეს მეორეხარისხოვან იდეად მოიაზრება“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

პრობლემის გადაჭრის გზებს მთელი მსოფლიო ეძებს. ტურისტული სფეროს აღდგენას თითოეული ქვეყანა ცდილობს.

წინასწარი ინფორმაციით, იქნება ეტაპები, რომლებიც ნებისმიერმა ტურისტმა უნდა გაიაროს და ეს ნორმები ყველა ქვეყანას მიეწოდება რეკომენდაციების სახით, რათა უსაფრთხო იყოს ტურისტების მიმოსვლა.

ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, თუმცა მოგზაურობის მსურველი სახლიდან აეროპორტამდე რაღაც სახის ტრანსპორტით უნდა მივიდეს და ამ ტრანსპორტის სხვადასხვა ვარიანტი იქნება გათვალისწინებული.

შემდეგ არის აეროპორტში გასავლელი ეტაპები. ექსპერტები ამბობენ, რომ იქნება გარკვეული ტიპის ტესტი სანიტარიულ პასპორტთან ერთად. საუბარია COVID–პასპორტზე.

შემდეგ უკვე არის კონკრეტული წესები სასტუმროში, ჰიგიენის და სხვადასხვა ტიპის ნორმატივები მუზეუმებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

პანდემიის პერიოდში საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, სადაც სტუმრობას მოგზაურებს არაერთი უცხოური მედიასაშუალება ურჩევს. მთავრობა თებერვლიდან აქტიურად ებრძვის კორონავირუსს და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ართმევს თავს დროული რეგულაციებით. ვნახოთ, რა იქნება მომავალში... რადგან რეალობა მეორე მხარესაც გვაჩვენებს – მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლის საჭიროება აქვთ, მაგრამ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს ექნებათ კი ფინანსები COVID–პასპორტის აღების? რა ეღირება ტესტი? ან 72 საათის შემდეგ რა ელოდებათ? ან... ან... ან...

 

მთავარი თემები