09:57 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
მარგარეტ ტეტჩერი

"დიდი ადამიანები საქართველოში": მარგარეტ ტეტჩერი

© RIA Novosti . Борис Приходько
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (26)
102941

მარგარეტ ტეტჩერს თბილისში აჩუქეს ეროვნული კაბა და აგრეთვე ვერცხლისფერი ფეხსაცმელი, რომლებიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოსტატმა, მეწაღე თენგიზ ხუროშვილმა სპეციალურად მისთვის შეკერა.

ბესიკ ფიფია, 14 ოქტომბერი — sputnik.

1987 წლის გაზაფხულზე მოსკოვში მარგარეტ ტეტჩერი ჩავიდა. 12 წლის შემდეგ ეს იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი საბჭოთა კავშირში. რკინის ლედიმ საბჭოთა კავშირში მოსკოვის გარდა სხვა ადგილის ნახვაც ისურვა. ტეტჩერს საქართველოს მონახულება ურჩიეს. როდესაც პრემიერ-მინისტრს ამიერკავკასიის რესპუბლიკის და მისი ხალხის შესახებ უამბეს, მან ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო — სსრ კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვთან შეხვედრის შემდეგ თბილისში გაფრენილიყო.

თვითმფრინავი, რომელშიც ისხდნენ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯ. ჰაუ, სსრ კავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩი ბ. კარტლაჯა, 1 აპრილს დაეშვა საქართველოს დედაქალაქში. საპატიო სტუმრებს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ჩერქეზია და მისი პირველი მოადგილე ზ. ჩხეიძე.

მარგარეტ ტეტჩერი ახლად გახსნილ ქორწინების სახლს ეწვია
საქართველოს ეროვნული არქივი
მარგარეტ ტეტჩერი ახლად გახსნილ ქორწინების სახლს ეწვია

მოტოციკლისტების საპატიო ესკორტის თანხლებით მარგარეტ ტეტჩერი რეზიდენციაში გაემგზავრა.

ბრიტანეთის მთავრობის მეთაური ესაუბრა არა რესპუბლიკის პირველ პირს —  საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, ჯუმბერ პატიაშვილს, არამედ ქართველ კოლეგას, ოთარ ჩერქეზიას. მარგარეტ ტეტჩერმა, კერძოდ, თანაგრძნობა გამოთქვა რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. წინა დღეებში დასავლეთ საქართველოში არნახული წყალდიდობისას მდინარეებმა ნაპირები გადმოლახა და ათობით სოფელი, 2000-მდე საცხოვრებელი სახლი და საწარმო გაანადგურა; წყალმა წაიღო 200-ზე მეტი ხიდი, დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასამდე ადამიანი.

მარგარეტ ტეტჩერისათვის ოფიციალურ სადილზე ტრადიციული ქართული სუფრა გაიშალა
საქართველოს ეროვნული არქივი
მარგარეტ ტეტჩერისათვის ოფიციალურ სადილზე ტრადიციული ქართული სუფრა გაიშალა

მარგარეტ ტეტჩერს თბილისში აჩუქეს ეროვნული კაბა და აგრეთვე ვერცხლისფერი ფეხსაცმელი, რომლებიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოსტატმა, მეწაღე თენგიზ ხუროშვილმა სპეციალურად მისთვის შეკერა.

საპატიო სტუმარმა ძველ თბილისში ახალი ტანსაცმლით გაისეირნა.მარგარეტ ტეტჩერმა მოინახულა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, იყო ქორწინების სასახლეშიც, სადაც შემთხვევით აღმოჩნდა მომღერალ თამარ გვერდწითელის ქორწინების ცერემონიაზე. აქ საპატიო სტუმრისთვის ნისლიანი ალბიონიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის 15-წუთიანი კონცერტი გაიმართა. "მარგარეტ ტეტჩერს, — იგონებს ქორეოგრაფი თამაზ გოგოტიშვილი, — მოუტანეს სკამი, მაგრამ ის არ დაჯდა, მთელი თხუთმეტი წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდა ახალგაზრდა მოცეკვავეებს. შემდეგ ბავშვებთან მივიდა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო".

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად საქართველოს მთავრობამ სადილი გამართა, რომელსაც რესპუბლიკის პარტიული ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილიც ესწრებოდა.

საზეიმო სადილი რუსთაველის გამზირზე, რესტორან "თბილისში გაიმართა. სუფრასთან დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის ხელმარცხნივ იჯდა ოთარ ჩერქეზია, მარჯვნივ – ჯუმბერ პატიაშვილი. საქართველოს პარტიულმა ხელმძღვანელმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ როდესაც მარგარეტ ტეტჩერს ერთი ბოკალი "ხვანჩკარა" მიართვეს, მან დააგემოვნა და სუფრაზე, ოდნავ გვერდით დადგა. შემდეგ საპატიო სტუმარს "ქინძმარაული" დაუსხეს, თუმცა, ტეტჩერმა უბრალოდ გასინჯა სასმელი და არ დალია. ჯუმბერ პატიაშვილმა მარგარეტ ტეტჩერს შესთავაზა თეთრი სამარკო კახური ღვინო "ტიბაანი", რომელსაც "რქაწითელისა" და "მწვანისგან" ამზადებენ. თან ხუმრობით დაამატა, რომ ეს ღვინო ათეროსკლეროზის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაა. მარგარეტ ტეტჩერმა დააგემოვნა "ტიბაანი", როგორც ჩანს მოეწონა და მთელი საღამოს განმავლობაში ორი ბოკალი მიირთვა.

როგორც ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს, სუფრა ტრადიციული ქართული კერძებით იყო გაწყობილი, რომლის მომზადებაზეც საუკეთსო ქართველმა კულინარებმა იზრუნეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ყველა კერძი და ნუგბარი გასინჯა: ღომი სულგუნით, ელარჯიც, საცივიც, ხინკალიც, ხაჭაპურიც… სტუმარს ძალზე მოეწონა "ლაღიძის წყლები". ტეტჩერის საპატივცემულოდ ფოლკლორულმა ანსამბლმა "რუსთავმა" იმღერა. მხატვარმა ზურაბ წერეთელმა მარგარეტ ტეტჩერს აკვარელით შესრულებული მისი პორტრეტი გადასცა. ის აღფრთოვანებული დარჩა საჩუქრით და მხატვარს რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა.როგორც ჯუმბერ პატიაშვილი იხსენებს, გამომშვიდობებისას მარგარეტ ტეტჩერმა განაცხადა, რომ საქართველო მისთვის აღმოჩენაა და მოხარულია რომ საქართველოს ეწვია.

მარგარეტ ტეტჩერი საზეიმო სადილზე.
საქართველოს ეროვნული არქივი
მარგარეტ ტეტჩერი საზეიმო სადილზე.

სადილზე მარგარეტ ტეტჩერი გამოვიდა დაუგეგმავი სიტყვით, რომელიც პირველად იბეჭდება და ამიტომ სრულად გთავაზობთ:

"მახსოვს, რომ მოვილაპარაკეთ — დღეს ჩვენ სიტყვებს არ წარმოვთქვამდით, იქნებოდა მხოლოდ სადღეგრძელოები, მაგრამ ასეთი ბედნიერი და საინტერესო დღის შემდეგ, რომელიც მე თქვენს რესპუბლიკაში გავატარე, უბრალოდ არ შემიძლია, არ ვთქვა რამდენიმე სიტყვა აღფრთოვანების გამოსახატად.

როდესაც მოსკოვის გარდა რომელიმე ადგილის მონახულება შემომთავაზეს, დავფიქრდი, სად წავსულიყავი. რჩევა ვთხოვე ჩემს კოლეგასა და თანაშემწეს, ლორდ ვაითლოუს, რომელიც შარშან პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა აქ, და მან მითხრა, რომ არის ერთი ადგილი, სადაც უნდა წავსულიყავი ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე — ეს საქართველოა, და, აი, მე აქ ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ იგი აბსოლუტურად მართალი იყო.

მე ვიცი, რომ თქვენი ქალაქის სახელწოდება ნიშნავს თბილს. და ეს თქვენ მართლაც წარმოაჩინეთ თქვენი სტუმართმოყვარეობით და ამ წარმოუდგენელი ვახშამით.

მე თავად დავრწმუნდი თქვენი ქვეყნისა და თქვენი დედაქალაქის არაჩვეულებრივ სილამაზეში. თქვენ, უეჭველია, ყველაზე ძველი ხალხი ხართ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, თქვენი კულტურა მსოფლიოშია ცნობილი. მე მითხრეს, რომ თქვენ გაქვთ რიტორიკის საუცხოო სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში შეიქმნა, ესე იგი, ათას ხუთასი წლის წინ და რომ მის მოწაფეთა შორის ბევრი ბერძენი იყო.

მარგარეტ ტეტჩერმა გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკო
საქართველოს ეროვნული არქივი
მარგარეტ ტეტჩერმა გამარჯვების პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკო

ის, ვინც გადააჭარბა ბერძნებს ორატორულ ხელოვნებაში, მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს. და ახლა მესმის, თუ რატომ არის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი შევარდნაძე, რომელსაც მე პატივს ვცემ, ასეთი მჭერმეტყველი.

თქვენი შესანიშნავი XII საუკუნის ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი" ორასი წლით ადრე დაიწერა, ვიდრე ჩვენმა ჯეფრი ჩოსერმა გამოსცა თავისი "კენტერბერიული მოთხრობები" და თქვენს ლიტერატურულ ტრადიციას დღესაც განაგრძობენ თქვენი კინემატოგრაფისტები.

მე დღეს ვიყავი მცხეთაში და ვიხილე, რომ — თუ შეიძლება ასე ითქვას — დღესაც ჩვენ გზას ტაძარში მივყავართ.

მსიამოვნებს განვაცხადო, რომ ბრიტანეთის კონტაქტები საქართველოსთან შორეულ წარსულში დაიწყო. ჩვენს ქვეყნებს აქვთ ტრადიციები, რითიც ვამაყობთ და რასაც წმინდად ვინახავთ. როგორც თქვენ, ისე ჩვენ ჩაის დიდი მოყვარულები ვართ. ჩვენ მფარველიც კი ერთი გვყავს — წმინდა გიორგი.

საუბედუროდ, მან ვერ დაგვიცვა ამასწინათ მომხდარი უბედურებისგან — თქვენს შემთხვევაში — მიწაზე, ჩვენს შემთხვევაში კი — ზღვაზე. ნება მიბოძეთ, გამოვხატო ღრმა თანაგრძნობა თქვენი რესპუბლიკისადმი და განსაკუთრებით იმ ოჯახების მისამართით, რომლებიც დაიღუპნენ ან სახლ-კარი დაკარგეს წყალდიდობისა და ზვავების ჩამოწოლის დროს. ამჟამად, მიყენებული ზარალის შემდეგ, როდესაც თქვენ წინაშე დგას მეურნეობის აღდგენის უზარმაზარი ამოცანები, და როდესაც ცხოვრება ხელახლა უნდა დაიწყოს, ჩვენ თქვენთან ვართ.

ჩემი ამჟამინდელი მოგზაურობა საბჭოთა კავშირში შთამბეჭდავი იყო. ამავე დროს იგი იყო იმედისმომცემი. და მან დიდი კმაყოფილება მომანიჭა, ყოველ შემთხვევაში, თქვენი რესპუბლიკის დათვალიერების დროს, ბატონო თავმჯდომარევ.

საბჭოთა ხელმძღვანელობასთან ჩემი მოლაპარაკების დროს განვიხილეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რათა ჩვენს ბავშვებს მივცეთ მშვიდობიანი სტაბილურობა მსოფლიოში.

მე ინტერესით გავეცანი "გარდაქმნის" მიღწევებს, რასაც ამჟამად საბჭოთა კავშირი  ახორციელებს. მე ვისწავლე სიტყვები "პერესტროიკა“ და "გლასნოსტი“და ახლა უკეთ მესმის მათი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, რიგ საკითხებში გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა ჩვენ და თქვენი ხელმძღვანელები შევთანხმდით ზოგიერთ ფუნდამენტურ მომენტზე. ჩვენ გვსურს, გვქონდეს უფრო უსაფრთხო მსოფლიო. ორივე ქვეყანას გვსურს, ვიცხოვროთ უსაფრთხოდ და შევამციროთ შეიარაღების მოცულობა. ჩვენ გვსურს, ჩვენი ურთიერთობა ავაგოთ ურთიერთპატივისცემისა და გაგების საფუძველზე.

დღეს მე შინ ვბრუნდები. მივემგზავრები მიღწეული წინსვლით, საბჭოთა კავშირის უკეთესი გაგებით კმაყოფილი და მისი ხალხის წარმატებებით აღფრთოვანებული. და განსაკუთრებული თბილი მოგონებები მიმყვება ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის, კაცთმოყვარეობის შესახებ, რაც მე ვიხილე აქ, თქვენს რესპუბლიკაში.

გთხოვთ აწიოთ ჭიქები ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალი თანამშრომლობის სადღეგრძელოდ. ნება მიბოძეთ გადღეგრძელოთ თქვენ, ბატონო თავმჯდომარევ, თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის, ვადღეგრძელო დიდი ერი, რომელსაც თქვენ უდგახართ სათავეში და რომელსაც თქვენ წარმოადგენთ.  გაუმარჯოს საქართველოს!"

როდესაც მარგარეტ ტეტჩერი ლონდონში დაბრუნდა, ჟურნალისტებმა მას შეკითხვები დააყარეს: რა მოტივები ჰქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, როცა ჩავიდა ყველასთვის უცნობ საქართველოში, რა დაკარგა მან იქ? მარგარეტ ტეტჩერმა თითქმის დაუფიქრებლად უპასუხა: "მე მინდოდა თვალებში ჩამეხედა იმ ხალხისთვის, რომელმაც ისტორიის განმავლობაში არასდროს იცოდა, თუ რა არის ზიზღი სხვებისადმი".

ავტორი – ბესიკ ფიფია, Sputnik Грузия

ნაწყვეტი ნარკვევიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“



თემები:
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (26)

მთავარი თემები