14:53 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სუმელას მონასტერიМонастырь Сумела

სუმელას მონასტერი ტურისტებისთვის ერთი წლით დაიკეტა

1 / 2
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
15801

ამბობენ, სუმელას ტაძრის კედლის მხატვრობაში ორი ფენა იკითხება, რომელთაგან გარეთა - ბიზანტიურია, ქვედაში კი ქართული ხატწერის ელემენტები მოსჩანს, რაც სავარაუდოდ, ქართველების მხატვრობაზე მეტყველებსო.

  ირმა ლეჟავა

 ჩემი რესპონდენტი თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი ახლახანს  ჩამოვიდა კაპადოკიიდან და თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე შეწუხებულმა დამირეკა, გზად სუმელას მონასტერში შევიარეთ, თუმცა მონასტრის მონახულება ვერ შევძელით, ერთი წლით დაუკეტავთო.  

 ამ მონასტრის ისტორია მე-4 საუკუნიდან იწყება. თურმე, მაცხოვრის ერთ-ერთი მოწაფის, წმინდა ლუკა მახარებლის მიერ შექმნილმა ღვთისმშობლის ხატმა სასწაულებრივად ადგილი შეიცვალა და მაღალი მთის გამოქვაბულში დაესვენა. მოგვიანებით სწორედ ამ ადგილას დაუარსებიათ სუმელას მონასტერი. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზანტიელ ბერებს — ბარნაბასა და სოფრონიუსს ხილვა ჰქონიათ და ამ ხატის კვალს ათენიდან ტრაპიზონამდე გაჰყოლიან. იმხანად ტრაპიზონი  ქრისტიანული ქალაქი იყო და  იქ უმთავრესად არაბერძნული მოსახლეობა ცხოვრობდა, ძირითადად,  ქალდეური, ჭანური და სამხრეთ-კოლხური. ხატი ერთ-ერთ კლდესთან ყოფილა  დასვენებული და  ორ ბიზანტიელ  ბერს პირველი ტაძარი სწორედ იმ ადგილას ჩვენი წელთაღრიცხვით 385 წელს აუშენებია.

412 წელს კი სხვა ბერების დახმარებით მონასტერი გაუახლებიათ და  თავდაპირველად მისთვის  „შავი კლდის სიწმინდე“ უწოდებიათ. მონასტრის სახელის ბერძნულ ენაზე წარმოთქმა ადგილობრივებს თურმე უჭირდათ და ამიტომ „პანაგჰია თოუ მელას“ „თ“ „ს“-თი შეცვალეს და მიიღეს „პანაგჰია სუმელა“, რაც თურქულად „დედა მარიამის მონასტერს“ ნიშნავს.

 ამბობენ, სუმელას ტაძრის კედლის მხატვრობაში ორი ფენა იკითხება, რომელთაგან გარეთა — ბიზანტიურია, ქვედაში კი ქართული ხატწერის ელემენტები მოსჩანს, რაც სავარაუდოდ, ქართველების მხატვრობაზე მეტყველებსო. სამწუხაროდ, ოფიციალური ცნობები ამის შესახებ არ არსებობს. მაგრამ თუნდაც ასეთი ვარაუდის არსებობა, ქართველებისთვის გამორჩეულად საინტერესოდ აქცევს სუმელას. ამასთან ერთად,  არსებობს თურმე ცნობა, რომ დავით აღმაშენებელს მონასტრისთვის მიწებიც შეუწირავს. აქვე ნახავთ ეგრეთ წოდებულ თამარის ხიდს — თამარ მეფის ეპოქისთვის დამახასიათებელ თაღიან ხიდს.

  გიორგი დვალაშვილი სუმელას მონასტრიდან მოგზაურებისა და მომლოცველებისთვის უახლეს ინფორმაციას გვაწვდის: 

 - კაპადოკიიდან საქართველოსკენ ტრადიციული მარშრუტით მოვდიოდით და ტრაპიზონის პროვინციის მაჩკას რაიონში  რომ ჩამოვედით, გადავწყვიტეთ, სუმელას სამონასტრო კომპლექსიც მოგვენახულებინა. აქ, ალტინდერეს ხეობაში არის ეროვნული პარკი, რომლის შესასვლელში ტრადიციულად გადავიხადეთ ოფიციალური მოსაკრებელი, შევედით მანქანით და სუმელას სამონასტრო კომპლექსს მივადექით. კომპლექსის შესასვლელი ზღვის დონიდან 1310 მეტრზე მდებარეობს. ირგვლივ უამრავ ტურისტს მოეყარა თავი და აქეთ-იქით დაბნეულები იყურებოდნენ. გაირკვა, რომ სამონასტრო კომპლექსი დაკეტილი იყო და ამას უშუალოდ შესასვლელში გამოკრული ბანერი გვაუწყებდა. ხეობის ტყის ზონისკენ მიმავალი გზაც ფიცრებით იყო აჭედილი და იქაც შეუძლებელი იყო შესვლა. იქვე სუვენირების გამყიდველებს  გამოვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ წელს, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე მონასტერში ასულ ტურისტებსაც ანალოგიურად, დაკეტილი დახვედრიათ მონასტერი. დავაზუსტეთ, რომ მათ ვიზიტამდე  სხვა ტურისტები კომპლექსის ფერდებიდან წამოსულ ქვათა ცვენაში მოყოლილან და ბედად გადარჩენილან. სწორედ ამის გამო დაუკეტავთ მონასტერი.  თურქებს გასამაგრებელი სამუშაოები ჯერჯერობით არ დაეწყოთ და როგორც გვითხრეს, სუმელას მონასტერი ზაფხულამდე არც გაიხსნებოდა. 

 -  ბევრი ტურისტი ჩადის სუმელას მონასტრის მოსანახულებლად?

 -  წლის განმავლობაში აქ ჩამოდის ძალიან ბევრი  პილიგრიმი და ჩვეულებრივი ტურისტი, მათ შორის — თურქიც და არაბიც. როგორც გვითხრეს, ისეც ყოფილა, რომ დღეში იქ 15 ათასი კაცი შესულა. ერთი ადამიანის ვიზიტი კი 15 თურქული ლირა ღირს და წარმოიდგინეთ, ამ მონასტრიდან რა ოდენობის თანხა შედის ქვეყნის ბიუჯეტში. მართალია, მოგვიანებით გავიგეთ, რომ სუმელას მონასტრის დახურვის შესახებ ინფორმაცია თურქეთის მედიას გაუვრცელებია, მაგრამ  სამწუხაროდ, როგორც ჩვენ არ ვიცოდით, ასევე არ იცის ძალიან ბევრმა ტურისტმა. შესაბამისად, ალბათ რამდენი გაივლის დიდ გზას მის მოსანახულებლად და ხელმოცარული დარჩება. თუნდაც თბილისიდან სუმელამდე 650 კილომეტრია გასავლელი და თუკი ჩვენს მოგზაურებსა და მომლოცველებს არ გავაფრთხილებთ, ტყუილად მოუწევთ ამხელა გზის გავლა და პარკის შესასვლელში მოსაკრებლის გადახდა. სამწუხაროდ, იქ არავინ გეუბნება, მონასტერში ვერ შეხვალო და ფულს მაინც გართმევენ. ამიტომაც გამართლებულია ეს ინტერვიუ, რადგან თქვენი მეშვეობით მაინც გაიგებენ და მარშრუტს შეცვლიან.  

 — როგორც ვიცი, იქ მართლმადიდებლური მსახურება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2010 წელს აღდგა.

 - მართლაც ასე მოხდა. 2010 წელს თურქეთის კულტურის სამინისტრომ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომე I-ის თხოვნით მართლმადიდებლებს ნება დართო მონასტერში 1922 წელს შეწყვეტილი ღვთისმსახურება აღედგინათ. 2010 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, რომელსაც ქართველები 28 აგვისტოს აღვნიშნავთ, ბერძნები კი — 15-ში, პატრიარქმა აღავლინა ლიტურგია სხვადასხვა ქვეყნის მომლოცველებთან ერთად. შესაბამისად, მონასტერში ამ დღეს უამრავი მომლოცველი მიდის ხოლმე. სხვა პერიოდში ისევე, როგორც თურქეთში მდებარე დანარჩენ მართლმადიდებლურ  ტურისტულ ობიექტებში,  წირვა-ლოცვის ჩატარება, პარაკლისის აღსრულება, სანთლის დანთება შეუძლებელია. ვიზიტორმა წესის დარღვევისას მცველებისგან გარკვეული შენიშვნებიც შეიძლება მიიღოს. თუ არ დაემორჩილება, დააჯარიმებენ კიდეც. სუმელას მონასტერთან შემორჩენილია ბაზილიკა და მომლოცველები სანთელს იქ ანთებენ.

  სუმელა ბერძნული სამონასტრო კომპლექსია. ხშირად ვარძიასაც ადარებენ. ერთ-ერთი ვერსიით, „სუმელა“ ლაზურად „სამებას“  ნიშნავს. ამბობენ, რომ ერთ-ერთ პატარა სამლოცველოში მხატვრობა ხელოვნურადაა დაზიანებული. თუმცა ალბათ რესტავრაციისას უფრო დაზიანდა, ვიდრე დამპყრობლების მიერ. მხატვრობა უმთავრესად მე-13 საუკუნით თარიღდება. ამავე პერიოდში, როდესაც აქ  ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა სამონასტრო ცხოვრება, შესაძლებელია, ქართველი სასულიერო პირებიც მოღვაწეობდნენ. სუმელას მონასტერი შედარებით ახლოსაა ტაო-კლარჯეთის ზონასთან და იმ პერიოდში პონტოელ ბერძნებს და საერთოდ, ამ იმპერიას საქართველოსთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. როდესაც ტრაპიზონის იმპერიასა და თურქეთის სხვა ადგილებშიც მართლმადიდებლური სარწმუნეობა შეიზღუდა, ამან საეკლესიო მსახურების შემცირებაზეც იქონია გავლენა. ბერძნები აქედან გაასახლეს და მე-20 საუკუნეში აქ სამონასტრო ცხოვრება ჩაკვდა. ფოტოებიდანაც ჩანს და მნახველსაც აღაფრთოვანებს კელიები, ბერების საცხოვრებლები, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა. თვითონ სამონასტრო კომპლექსი, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი, დაბლა ხეობიდან არ ჩანს. კლდეში არსებული ბუნებრივი სიცარიელეების სამონასტრო ტერიტორიებად გადაკეთებაც ბუნებრივ პირობებში მოხდა. მონასტერი უმშვენიერესი ფრესკებით, მდიდარი ისტორიული წარსულითაა განთქმული. სამწუხაროა, რომ ლუკა მახარებლის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი  ხატი, რომელიც ბერებმა აქ აღმოაჩინეს, უგზოუკვლოდ დაიკარგა, თუმცა მონასტრის გუმბათზე სუმელას ღვთისმშობლის ფრესკაა გამოსახული.

 

მთავარი თემები