გადარჩენის ხელოვნება

© photo: Sputnikეკა მიკარიძე
ეკა მიკარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარსებო მინიმუმი საქართველოში - რამდენად რეალურია ამ თანხით არსებობა? როგორ ითვლის სახელმწიფო სამომხმარებლო კალათას და საკმარისია თუ არა ის ნორმალური კვებისთვის - პრობლემის შესახებ ეკატერინე მიკარიძე მოგვითხრობს.

თბილისი, 11 აგვისტო — ეკატერინე მიკარიძე, Sputnik. ცხოვრება უფრო კარგი და მხიარული გახდა. ქვეყანაში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება.

თუ გასული წლის ივნისში საქართველოში შრომისუნარიანი, ჯანმრთელი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 149,6 ლარს შეადგენდა, 2015 წელს ის 161,4 ლარამდე გაიზარდა. და თუ პარალელს უფრო ადრინდელ პერიოდთან მაგალითად, წინა ხელისუფლების მიერ მოყვანილ ციფრებთან გავავლებთ, რომელთან შედარებაც ამჟამინდელ ხელისუფლებას ძალიან უყვარს, გამოდის, რომ უზომოდ გაუმართლათ, რადგანაც მაშინდელი მინიმუმი ძლივს აღწევდა 128,4 ლარს.

ხალხი კი თავის თავზე „დაფერთხილ“ ბედნიერებას ვერ ამჩნევს და აგრძელებს არსებობას, ძირითადად, ფიზიკური შიმშილის დაკმაყოფილებაზე ზრუნავს და გადარჩენის ხელოვნებას ეზიარება. ალბათ, იმიტომ, რომ სამამულო ყოფის რეალობა ბიუროკრატიისგან შექმნილი სურათისგან ძალზე განსხვავდება.

საქართველოში საარსებო მინიმუმის სიდიდე — ეს სამომხმარებლო კალათის ღირებულებითი შეფასებაა, რომელიც შემდეგნაირად ითვლება: სამომხმარებლო კალათა = სასურსათო კალათა (სამომხმარებლო კალათის 70%) + მომსახურება და არასასურსათო საქონელი (სამომხმარებლო კალათის 30%).

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათა ბოლოს 2014 წელს განახლდა. მასში შედის პროდუქტებისა და მომსახურების სია, რაც ჩვენი პირველადი მოხმარებისა და საჭიროების დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო. ის 297 დასახელებისგან შედგება.

ამგვარად, დავიწყოთ პურით „ჩვენი არსობისა“. ჯანმრთელი და შრომისუნარიანი მამაკაცის საუზმე, როგორც ეს „საქსტატმა“ გამოიანგარიშა, შედგება ნახევარი კვერცხისგან, 20 გრამი ყველისგან, 10 გრამი ძეხვის, 15 გრამი ხაჭოსა და 150 გრამი რძისგან, და რა თქმა უნდა, პურისგან. ამას სათუთად უნდა მოვეკიდოთ, რადგანაც პურის დღიურ ნორმად 250 გრამი მიაჩნიათ. ეს უნდა იმყოფინოს კაცმა საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. სადილზე, იმავე გათვლებით, შეიძლება მიირთვას 40 გრამი საქონლის ხორცი ან ამავე რაოდენობის თევზი, ხოლო გარნირად — 10 გრამი ბრინჯი, წიწიბურა ან სხვა ბურღულეული. ასეთ მოკრძალებულ სადილს, მართალია, მეგობარს ვერ გაუყოფ და თავადაც ვერ დანაყრდები, აი ვახშამი კი, რამე რომ იყოს მისაცემი, შეგიძლია მტერს მისცე.

მთლიანობაში შრომისუნარიანი მოქალაქის დღიური რაციონი 40 დასახელების პროდუქტისგან შედგება, მათ შორის ფრინველის, ღორის ხორცი და სხვა. გვაფიქრებს მხოლოდ მისაღები პროდუქტების რაოდენობა. მაგალითად, დღეში ქათმის ხორცი 20 გრამი წერია, ღორის- კიდევ უფრო ცოტა — 10 გრამი. ამ უკანასკნელის სააფთიაქო დოზა, როგორ ჩანს, ერის ჯანმრთელობაზე გულმოდგინე ზრუნვით აიხსნება — ეს ხომ ქოლესტერინია!

სპეციალისტები სამომხმარებლო კალათას არა ერთი ან ორი კვირის, არამედ მთელი თვისთვის ადგენენ. რომ გაიგო, ეს ფულადი ეკვივალენტით რამდენია, უბრალო გათვლებიც საკმარისია. თითოეული პროდუქტის დღიურ ნორმას გაამრავლებ 30-ზე (დღეების რაოდენობა თვეში) და მივიღებთ პროდუქტის რაოდენობას, რომელსაც ადამიანი თვეში მოიხმარს. ახლა პროდუქტების რაოდენობას ვამრავლებთ მათ ღირებულებაზე და ვიღებთ თანხას, რომელიც მოქალაქემ თვეში კვებაზე უნდა დახარჯოს. ეს დაახლოებით 122,6 ლარია.

მარტო პურით ვერ იცოცხლებს ადამიანი. ამას დაუმატეთ კომუნალური და სამედიცინო ხარჯები, გადასახადი განათლებაზე, ტანსაცმლის შეძენა და ასე შემდეგ. ასევე გათვალისწინებულია კაფეში წასვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. და აი, ახლა დგება ყველაზე მთავარის დრო. თუ სასურსათო კალათა 122 ლარი ღირს, ხოლო საარსებო მინიმუმი, ივნისის თვის მონაცემებით, 161,4 ლარი, დანარჩენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხარჯებზე სულ რაღაც 39 ლარი (20 აშშ დოლარზე ნაკლები) რჩება. აი, აქ კი ჩვენი მოქალაქე არჩევანის წინაშე დგება: ან იძულებითი შიმშილისგან (სხვანაირად ამ სპარტანულ რაციონს ვერ უწოდებ) შელახული ჯანმრთელობის აღსადგენად მედიკამენტები უნდა იყიდოს, ან კომუნალური გადასახადები გადაიხადოს, რადგანაც გამოქვაბულის ადამიანის კანონებით, ე. ი. ელექტროენერგიის გარეშე, ცხოვრებაც არ გინდა. ასეთი თხელი საფულის მფლობელისთვის ეს ამოცანა, პრაქტიკულად, ორუცნობიანია.

თუ ამას საარსებო მინიმუმის კონსტანტების ფენომენს დავამატებთ, რომელიც, ჯანსაღი ლოგიკით, ინფლაციის დონესთან ერთად უნდა იცვლებოდეს, თუმცა არ იცვლება, ვიღებთ საინტერესო სურათს.

მაგალითად, 2015 წლის 1 იანვრისთვის შრომისუნარიანი მამაკაცისთვის საარსებო მინიმუმი 160,2 ლარს შეადგენდა, საშუალო მომხმარებლისთვის — 143,4 ლარს (65,2 აშშ დოლარს), საშუალო ოჯახისთვის — 271,6 ლარს (123,5 აშშ დოლარი). თებერვალში ეს მაჩვენებლი 160 ლარი იყო, მარტში თანხა შეიცვალა და 161,9 ლარი გახდა. აპრილში მინიმუმი თავის საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდა და 160,5 ლარი გახდა, მაისში — კვლავ 161,9 ლარი. ბოლო მონაცემებით, ივნისში მინიმუმმა 161,4 ლარი შეადგინა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი კალათაშვილი ამტკიცებს, სასურსათო პროდუქტებზე ინფლაციის გამოსათვლელად, ჩვეულებრივ, 300 დასახელების პროდუქტს იყენებენ მაშინ, როცა პროდუქტების კალათისთვის — მხოლოდ 40 დასახელება გამოიყენება. 

 „ისეც ხდება ხოლმე, რომ გაძვირებული პროდუქტები სასურსათო კალათაში უბრალოდ, არ არის. ამიტომ ეს ციფრები იდენტური შეიძლება არც იყოს“, — აცხადებს კალათაშვილი.

როგორც მაღალჩინოსანი განმარტავს, ინფლაციის დონე, „საქსტატის“ მაჩვენებლებით, ბოლო თვეებში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. ამიტომ საარსებო მინიმუმის თანხა ერთ დონეზე იყო. ხოლო ზაფხულის პერიოდში, როგორც კალათაშვილი ირწმუნება, პროდუქტებზე ფასები საერთოდ არ კლებულობს. „საქსტატის“ მონაცემებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები ივნისის თვეში ნამდვილად შემცირდა 1,9%-ით, ხოლო ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი 0,5%-ით გაიზარდა, ტრანსპორტის სფეროში — 3,2%-ით. ფასები ჯანდაცვის სფეროშიც გაიზარდა — 0,9%-ით, ასევე სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების სფეროშიც — 0,4%-ით.

მაგრამ, როგორც ჩანს, „საქსტატის“ სპეციალისტები ასეთ წვრილმანებს აინუნშიც არ აგდებენ. თუ ჯანმრთელ და შრომისუნარიან ადამიანებს სახელმწიფო ასე „ანებივრებს“ და მოდუნების საშუალებას არ აძლევს, პენიონერებთან მიმართებით ბუნებრივი შერჩევის კანონი მოქმედებს. საქართველოს მოქალაქის პენსია — 150 ლარი — საარსებობო მინიმუმსაც კი ვერ წვდება. პენსიონერი მეგი ცინცაძე აცხადებს, რომ მას გაუმართლა, რადგან მზრუნველი ახლობლები ჰყავს.  მაგრამ როგორ ცხოვრობენ მარტოხელა პენსიონერები, მისთვის ამოუხსნელია.

მეგი ცინცაძე, პენსიონერი

 „ჩვენ, ყველას, ჯანმრთელობა ხომ უკვე შერყეული გვაქვს. აი მე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიკამენტების რეცეპტებით გაცემის შესახებ ბრძანების შემოღებამდე, წამლებს ცალობით ვყიდულობდი, ძალიან მოსახერხებელი იყო, რადგანაც ჯიბეს ძალიან არ ურტყამდა. ერთი თვის წამლებზე ერთდროულად 32 ლარის გადახდა ყოველთვის არ მიხერხდებოდა. ამიტომ ერთი კვირის წამლებს ვყიდულობდი და 8 ლარს ვიხდიდი. ახლა მიწევს ექიმთან მისვლა, რეცეპტის აღება და წამლების არა ცალობით, არამედ მთლიანად ყიდვა. უფრო მეტიც, მედიკამენტები, რომელსაც ვღებულობ, გაძვირდა და მათში ახლა უკვე 45 ლარს ვიხდი“.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცხოვრების დონე საარსებო მინიმუმით განისაზღვრება. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თანხით ადამიანი უნდა გამოიკვებოს, იცხოვროს, იმუშაოს, სრულფასოვნად აღიდგინოს თავისი ძალები მუშაობის მერე, გადაიხადოს სავალდებულო გადასახადები, შეიძინოს არასასურსათო საგნები. კიდევ სოციალურ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს, ანუ სწავლობდეს, ზრდიდეს და ასწავლიდეს ბავშვებს. მშობლებს მკურნალობდეს, მათ სიბერეს უზრუნველყოფდეს, ისვენებდეს, ქორწილებს იხდიდეს და სხვა მრავალი. საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით განისაზღვრება პენსიის, სტიპენდიის, ბავშვთა დახმარების, ერთჯერადი დახმარების, საჯარო მოხელეების ხელფასების და სხვაოდენობა. აქედან გამომდინარე, თანხამ ცხოვრების საშუალებას უნდა იძლეოდეს და არა არსებობის. ამ პრობლემაზე მომუშავე სპეციალისტების გამოთვლით, საქართველოში საარსებო მინიმუმი რეალურად იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასახელებს. 

 „სამომხმარებლო კალათა იმგვარად უნდა იყოს შედგენილი, რომ მოქალაქეების ელემენტარული მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს“, — ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის უფროსი რამაზ გერლიანი.

 „რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი აღიქვამს სერიოზულად საარსებო მინიმუმს 164,9 ლარის ოდენობით? ჩვენმა ცენტრმა კვლევა ჩაატარა, რომელიც სწორედ დათვლის ამ მოძველებული სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა. ადამიანმა დღეში უნდა მიიღოს 2500და არა 2300 კილოკალორია, როგორც სტატისტიკის სამსახურის დღიურ რაციონშია მითითებული, და ნახშირწყებიც მეტი უნდა მიიღოს, ვიდრე აღნიშნულია. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საკუთარი პარამეტრებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტციების შედეგად დავადგინეთ, მოქალაქეების გამოკითხვითა და ჩატარებული სამუშაოს მიხედვით, განვსაზღვრეთ იდეალურთან მიახლოებული, სამამულო სინამდვილესთან რელევანტური საარსებო მინიმუმი. ის 341 ლარს შეადგენს. ეს რიცხვი ასახავს პროდუქტების ღირებულებას ზაფხულში, როცა ისინი, ჩვეულებრივ, იაფდება. ამასთან, შევცვალეთ სამომხმარებლო კალათის პროპორციები. სასურსათო კალათა, ჩვენი გათვლებთ, 55%-ს იკავებს, ხოლო დანარჩენი 45% სხვა საჭიროებებზე მოდის მაშინ, როდესაც ამჟამად სასურსათო კალათა 70 პროცენტს იკავებს, ხოლო 30% კომუნალურ გადასახადებზე, საკომუნიკაციო და სამედიცინო მომსახურებაზე მოდის“, — აღნიშნავს გერლიანი. 

დღევანდელი საარსებო მინიმუმი ფასების რეალურ ზრდას არ ასახავს, ამიტომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. და ეს ხდება ან ღია თაღლითობისა და ციფრებით ჟონგლიორობის, ან დათვლის არასწორი მეთოდიკის გამო. საარსებო მინიმუმის სურსათისა და მომსახურების რეალურ ღირებულებასთან შესაბამისობაში მოყვანის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს — ვაიძულოთ ამ მინიმუმის შემდგენლები თუნდაც ერთი თვე იცხოვრონ იმ თანხით, რომელიც ასე გუმოდგინედ გამოჰყავთ ფურცლებზე. დიახ, სწორედაც რომ უნდა ვაიძულოთ! არა მკაცრად, მაგრამ, როგორც ამბობენ, მსუბუქი ბიძგით.

დღეს მსოფლიოში მრავალი ტელეპროექტია, რომლებიც უზრუნველყოფილ ადამიანებს სიღატაკის პრობლემის სხვაგვარად აღქმის საშუალებას აძლევს. იქნებ ჩვენს ბედთა განმრიგეთაც შეწყვიტონ დემოკრატობის თამაში და ჰოლივუდის ვარსკვლავების მაგალითს მიბაძონ, რომლებიც ასეთ თამამ ექსპერიმენტებზე მიდიან. ორი წლის წინ ბენ აფლეკი მონაწილეობდა საქველმოქმედო პროექტში „ცხოვრება ხაზს მიღმა“. პროექტის პირობებით, ის ხუთი დღე ცხოვრობდა სიღატაკეში და დღეში მხოლოდ დოლარნახევარს ხარჯავდა.


ყველა ახალი ამბავი
0