04:48 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

თბილისის მერია ელოდება ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები. ორმხრივი მოძრაობა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ აღდგება.

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა ორ თვე-ნახევარში აღდგეს, ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

აპრილის ბოლოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე შესრულებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.

ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება.

„რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით ორ თვე-ნახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ მეწყრულ ზონაში ეფექტიან სამუშაოებს ახორციელებს>>

ამჟამად მეწყრის რისკები მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემცირებულია.

მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაამონტაჟა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს მეწყრულ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიღებას.

მეწყრულ ზონაში შექმნილი ვითარების შესწავლის პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი ინჟინერ–გეოლოგების ჯგუფი ჩაერთო.

მთავარი თემები