თბილისი შშმ პირებისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი ქალაქი იქნება

© photo: Sputnik / Stringerშშმ პირი
შშმ პირი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებული ოთხწლიანი გეგმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ქალაქის შემდგომ ადაპტაციას ითვალისწინებს.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის მიერ შემუშავებული შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიზანია თბილისი იყოს ინკლუზიური ქალაქი, რომელშიც „ყველა მოქალაქეს თანაბრად აქვს შესაძლებლობა, განვითარდეს და პროგრესს მიაღწიოს".

გეგმა ოთხ წელიწადზეა გათვლილი.

„შშმ პირები არიან ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები და მათი ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. როგორც ხედავთ, მერიის ყველა პროექტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია, რომ ისინი იყოს ადაპტირებული, ეს იქნება ავტობუსების შესყიდვა თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გუშინ თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა", – განაცხადა კალაძემ.

შშმ პირები - ფოტოგამოფენის გმირები - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
საქართველოში შშმ პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შინაარსის გეგმა თბილისისთვის პირველია. მისი მიზანია თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებაში შშმ პირების აქტიური ჩართვა, მათი შესაძლებლობების განვითარება და ბარიერების აღმოფხვრა.

ამისათვის მერია გეგმავს გააძლიეროს პერსონალის გადამზადება და გააგრძელოს ინფრასტრუქტურის და სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდა.

თბილისში შშმ პირებისთვის 300-ზე მეტი მუნიციპალური შენობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტის ადაპტაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 315 მუნიციპალური შენობისა და ინფრასტრუქტურული ობიექტის ადაპტაცია, მათ შორისაა ადმინისტრაციული შენობები, რეკრეაციული ზონები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, საბავშვო ბაღები, კულტურული და სპორტული დაწესებულებები.

2020 წელს რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის სპეციალური ლიფტები დამონტაჟდა.

ყველა ახალი ამბავი
0