17:18 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

გუშინ ღამით დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის ცალკეულ უბნებში, კერძოდ დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში რამდენიმე ოჯახი დააზარალა.

თბილისი, 1 მაისი - Sputnik. თბილისის მერია გუშინ თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას.

გვიან ღამით ძლიერმა წვიმამ დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ქუჩები დატბორა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, ეზოებსა და სხვადასხვა ქუჩებზე.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მთავრობა თბილისის მოსახლეობას ამ რთულ პერიოდში უყურადღებოდ არ დატოვებს და მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას შეჰპირდა.

„ჩვენ არასდროს დაგვიტოვებია მოსახლეობა გაჭირვების დროს და არც ახლა ვაპირებთ. გექნებათ მაქსიმალური თანადგომა და ხელს შეგიწყობთ, რომ იმ სირთულემ, რაც გუშინდელმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, თქვენს მხრებზე არ გადაიაროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე კონკრეტულ უბნებში არსებულ სანიაღვრე სისტემებზე ისაუბრა. მისი თქმით, უხვმა ნალექმა, რომელმაც ბევრი ნაგავი ჩამოიტანა, პრობლემა შეუქმნა სანიაღვრე სისტემის გამტარუნარიანობას. აღნიშნულთან დაკავშირებით კი გაწმენდითი სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

ვიდეო-მიმართვისას ვაშლიჯვარში მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერულ ზონაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა. როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქში მოსულ გუშინდელ უხვ ნალექს აღნიშნულ ფერდობზე ზეგავლენა არ მოუხდენია და მაჭავარიანის ქუჩა კვლავ უსაფრთხოა.

„პირველი რიგის სამუშაოები უკვე ჩატარებულია. უახლოეს დღეებში გვექნება დეტალური პროექტი, რის მიხედვითაც მეორე ეტაპის სამუშაოებს დავიწყებთ – ეს გულისხმობს უშუალოდ მეწყერის გამაგრებას. შესაბამისად, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშლიჯვარში, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები დღის ბოლომდე დასუფთავდება და გადაადგილებაც შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

მთავარი თემები