ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდობის გარკვეულ უბნებზე მიწის მასები მოიჭრება

© Sputnik / Alex Shlamovმეწყერსაშიში ზონა ვაშლიჯვარში
მეწყერსაშიში ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
გაკეთდება დროებითი წინაღობა, მეწყრულ ადგილზე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები, გარკვეულ უბნებზე მოიჭრება მიწის მასები და ტერასული სამუშაოები ჩატარდება - მერის მოადგილემ ჩამოთვალა ის სამუშაოები, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში განხორციელდება

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე, სადაც მეწყრული ნაპრალები გაჩნდა, მიღებულია გადაწყვეტილება კონკრეტული სამუშაოების დაწყების შესახებ, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

მისი თქმით, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მოწვეული უცხოელი ექსპერტების და სამუშაო ჯგუფის მოსაზრებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

„ჩვენი პირველი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თვითონ ამ ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დაუყოვნებლივ დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა. ამ ღონისძიების ძირითადი დანიშნულება იქნება ის, რომ გარკვეულწილად შევამციროთ აქტიური მეწყერი, რომელიც მოძრაობაშია. წინაღობა გაკეთდება და ეს იქნება დროებითი. ამის შემდეგ მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები უშუალოდ მეწყრულ ადგილზე. შემდეგში მოხდება გარკვეულ უბნებზე მიწის მასების მოჭრა და გატანა. ტერასული ტიპის გარკვეული სამუშაოები უნდა განხორციელდეს.  მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დაანკერება, რაც ნიშნავს, რომ ეს მცოცავი ფერდის მოძრაობის შეჩერება სხვა ღონისძიებებთან ერთად მოხდეს ანკერული პრინციპით... ამ სამუშაოებს უახლოეს დღეებში დავიწყებთ“, - განაცხადა ბენდელიანმა.
მეწყრული ზონა ვაშლიჯვრის მახლობლად - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
ნებისმიერ ვიბრაციას მეწყრის ჩამოსვლა შეიძლება მოყვეს - სპეციალისტი ვაშლიჯვრის საშიშ ზონაზე

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გელოვანი-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე მხოლოდ უსაფრთხო ზონაში - გელოვანის ნაწილში გრძელდება. მისივე თქმით, მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საფრთხეების საბოლოოდ ლიკვიდაციის შემდეგ.

რაც შეეხება მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროებას, ირაკლი ბენდელიანის  განმარტებით, ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ არსებობს.

„ახლა, ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მეწყრის ზონაში მიმდინარე ყოველდღიური მონიტორინგის პარალელურად, ერთ კვირაში, დამატებითი, არაერთ ქვეყანაში წარმატებით  აპრობირებული  თანამედროვე მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად „მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა“. ფერდობი მდებარეობს ნუცუბიძე-ლისი-ვაშლიჯვრის გზის თავზე, რომლის მშენებლობას მერია ახორციელებს.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.

ყველა ახალი ამბავი
0