ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივანი“ მოეწყო

© Sputnik / STRINGERბოტანიკური ბაღი თბილისში
ბოტანიკური ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დავიწყებული ხილის ხეივნის“ ანალოგის სახით, თბილისს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი იქნება, აცხადებენ მერიაში.

თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხილის ხეივნის“ მოწყობის მიზნით,  ნერგები დაირგო, განაცხადეს თბილისის მერიაში.

გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების შთამომავლები, რომელთა სახელობის მცენარეებიც დაირგო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა იტალიის ელჩი საქართველოში - ენრიკო ვალვო.

თბილისში „დავიწყებული ხილის ბაღის“ ანალოგის გასაშენებლად ტონინო გუერას მეუღლემ, ლორა გუერამ, საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცა ნერგების ის ჯიშები, რომლებიც იტალიურ ბაღშია გაშენებული. შემდეგ ეტაპზე ბაღში დაირგვება ის ქართული ენდემური მცენარეების ჯიშები, რომლებიც, პრაქტიკულად, დავიწყებულია, აცხადებენ მერიაში.

ტონინო გუერამ „დავიწყებული ხილის ბაღი“ იტალიაში, ემილია რომანიას რეგიონში, ქალაქ პენნაბილლიში გააშენა. ბაღში მცენარეთა დავიწყებული ჯიშები დაირგო. ამასთან, თითოეული მცენარე სხვადასხვა ხელოვანის სახელობისაა.

„დავიწყებული ხილის ხეივნის“ ანალოგის სახით, თბილისს კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც საყვარელი ადგილი იქნება, აცხადებენ მერიაში.

იტალიელი პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, მწერალი, სცენარისტი ტონინო გუერა დაიბადა 1920 წლის 16 მარტს, იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში, რიმინის მახლობლად, პატარა ქალაქ სანქტ-არქანჯელოში. მან დაწერა სცენარი 100-ზე მეტი ფილმისთვის, რომელთაგან უამრავი კლასიკად იქცა. გუერა მუშაობდა მსოფლიო კინოს კლასიკოსებთან, რომელთა შორის იყვნენ ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ფრანჩესკო როზი, თეო ანგელოპულოსი, ანდრეი ტარკოვსკი.

დაჯილდოებულია ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარით“ ფილმებისთვის „კაზანოვა“ (1966), „ფოტოგადიდება“ (1967), „ამარკორდი“ (1976), „წმინდა ლორენცოს ღამე“.

ტონინო გუერას სცენარს რვაჯერ ერგო კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პალმის რტო“ („თავგადასავალი“, „ზაბრისკი პოინტი“, „ფოტოგადიდება“, „წმინდა ლორენცოს ღამე“, „ამარკორდი“, „და მიცურავს გემი“, „მოგზაურობა ციტერაში“).

ტონინო გუერა არის ოთხი უნივერსიტეტის მეცნიერებათა საპატიო დოქტორი (ურბინო - იტალია, ბორდო - საფრანგეთი, ვგიკ-ი - მოსკოვი, კინოს უნივერსიტეტი - სანქტ-პეტერბურგი).

ყველა ახალი ამბავი
0