თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საბავშვო ბაღებში საერთო საგნების მოხმარების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით აღსაზრდელებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდება, განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ.
გვანცელაძის თქმით, ჩანთებში მოთავსებული იქნება მეთოდური მასალა – ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და ა.შ.
საბავშვო ბაგა–ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორი კვირით – 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია, რაც რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს.
ამასთან, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით ბაღის შენობაში იკრძალებს მშობლების შესვლა. კერძოდ, ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ. ასეთივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი.
ასევე აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს.
შესაბამისი რეკომენდაცია გაიცა ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებითაც. ასევე მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი – საბავშვო ბაღებს, რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით, კომპანია მოემსახურება.
ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც.
გვანცელაძის ინფორმაციით, რეგულაციების შესრულება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 5 მლნ ლარზე მეტი დაუჯდება.
ამჟამად დედაქალაქის 183 საბავშვო ბაღში 58 005 ბავშვია რეგისტრირებული.