თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს სექტემბრიდან ხელფასები გაეზრდებათ>>
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.
„დედაქალაქის მერთან ერთად წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული ყველა 10 800 თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მისი თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შარშან, ნოემბერში განაცხადა, რომ 2020 წლიდან სკოლის პედაგოგების პარალელურად ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ საბავშვო ბაღების აღმზრდელებსაც.