13:33 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1790)
188 0 0

თბილისელ ლამაზმანებს უკვე თამამად შეუძლიათ ჭავჭავაძის გამზირზე ქუსლიანი ფეხსაცმელებით სეირნობა, რომლის ტროტუარებიც ბუნებრივი ქვებით მოპირკეთდა და ნაპრალებში ქუსლის მოტეხის საშიშროება აღარაა.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ტროტუარები ჭავჭავაძის გამზირზე ნატურალური ქვებით მოეწყო, რომელზეც გადაადგილება ძალზე მოსახერხებელია. ამის გამო მერიამ არაერთი შექება მიიღო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, განახლებული ქუჩა მთლიანად მორგებულია ქვეითად მოსიარულეებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

„ძალიან ხშირად ვიღებთ კომპლიმენტებს, განსაკუთრებით ქალებისგან, ვინც ქუსლიანი ფეხსაცმლით გადაადგილდება“, – აღნიშნა კალაძემ.

ქალაქის მთავრობის სხდომის დროს მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, და რომ წლის ბოლოს დედაქალაქის ავტოპარკი მთლიანად განახლებული იქნება.

„დავიწყეთ ავტობუსების განახლების პროცესი, წლის ბოლომდე მთლიანად გვეყოლება ავტობუსების ახალი პარკი და ეს ყვითელი ჯართი აღარ ივლის, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს ქმნიდა“, – განაცხადა კალაძემ. მას მხედველობაში ჰქონდა ძველი ყვითელი „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები.

ილია ჭავჭავაძის გამზირის განახლება დედაქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. საერთო ჯამში ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს, მოეწყო ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ განთავსდა. ასევე დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები.

ჭავჭავაძის გამზირის განახლება ქალაქის ბიუჯეტს 8,6 მლნ ლარი დაუჯდა.

თემები:
თბილისი დღეს (1790)

მთავარი თემები