თბილისში კიკვიძის განახლებული პარკი გაიხსნა

გამოწერა
პარში მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. თბილისში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების განახლებული პარკი (კიკვიძის) გაიხსნა, იუწყება მერიის ვებგვერდი.

გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.

თბილისის მერმა მოსახლეობას განახლებული პარკის გახსნა მიულოცა. მისი განცხადებით, პარკში შესაბამისი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის მოეწყო.

„თბილისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატა. რაც შეეხება პარკს, იგი მთლიანად იქნა რეაბილიტირებული. გაჩნდა ახალი ზონები, ბავშვებისთვის შესაბამისი ადგილები, სადაც განთავსებულია ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონა, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით დაისვენოთ. ნამდვილად მიხარია, რომ ჩვენთან უკვე ჩნდება ის საპარკო კულტურა, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს პარკების ნაკლებობა, მაგრამ პირობა მაქვს მიცემული თბილისელებისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ევროპაში ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, განახლებული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკს შეუერთდა მიმდებარედ არსებული ტერიტორია, მოეწყო სპორტული და სამაგიდო თამაშების მოედნები, დასასვენებელი პავილიონები, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკის ტერიტორიაზე განთავსდა შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ველო და სარბენი ბილიკები. ერისთავის ქუჩის მხრიდან კი, მოეწყო პარკში შესასვლელი პანდუსი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებული შენობებსა და შადრევანს.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 72 ათას 100 კვადრატული მეტრია, ჯამში, 12 ათას 124 ძირი ხე-მცენარე დაირგო. სამუშაოების განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ 500 ათასი ლარი გამოიყო.

ყველა ახალი ამბავი
0