თბილისში ახალი სარაგბო კომპლექსი აშენდება

გამოწერა
დედაქალაქის გარეუბანში რაგბისთვის – საქართველოში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობისთვის მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თბილისის გარეუბანში, ზემო ფონიჭალაში აშენდება სარაგბო კომპლექსი დასვენების ზონასთან ერთად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დედაქალაქის მერიაზე დაყრდნობით.

კრწანისის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევან ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დასვენების ზონების შექმნა პრიორიტეტული მიმართულებები იყო 2018-2019 წლებში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
როგორი გახდება თბილისი 2020 წელს? კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

„ორი წლის განმავლობაში შევძელით დაახლოებით სამი ჰექტარი რეკრეაციული სივრცის შექმნა. მოსახლეობას გასულ წელს ამავე ფორმატში დავპირდით ზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსის მშენებლობას. დღეს გამოვაცხადეთ სამუშაოებზე ტენდერი და სულ მალე ფონიჭალაში სკვერის გაგრძელებაზე სარაგბო მოედანი მოეწყობა", – განაცხადა ჯაფარიძემ.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზემო ფონიჭალაში 12 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაჩნდება თანამედროვე სივრცე, სადაც მოეწყობა საკონცერტო კუთხე, ამფითეატრი, სკეიტ-პარკი, ველობილიკები, ხეივანი, ასევე ზონა ცხოველებთან ერთად სეირნობისთვის.

კრწანისის რაიონულმა ადმინისტრაციამ 2018-2019 წლებში სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოაწყო, რომელიც თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი. ტერიტორიაზე მოეწყო ორი სპორტული დარბაზი და საბავშვო ზონა. სკვერის უკანა ნაწილში სარაგბო კომპლექსს ააშენებენ.

სამუშაოების ღირებულება სამ მილიონ ლარს აჭარბებს.

ყველა ახალი ამბავი
0