20:00 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (202)
133 0 0

ე.წ. ელიავას ბაზრობა წარმოადგენს მაღაზიებისა და სავაჭრო დახლების ერთობლიობას, სადაც ძირითადად სხვადასხვა დასახელებისა და წარმოების სამშენებლო პროდუქცია იყიდება.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ელიავას ბაზრობის იმ ფორმით მუშაობა, რომელშიც იგი ახლა ფუნქციონირებს, კატეგორიულად მიუღებელია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ე.წ. ელიავას ბაზრობა, რომელსაც 15,5 ჰა ფართობი უკავია, არაერთხელ გამხდარა თბილისის მთავრობისა და მოსახლეობის კრიტიკის საგანი – ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა, ბევრი სამშენებლო მასალა ღია სახით იყიდება და გარემოს აბინძურებს. ცალკე პრობლემაა, რომ ბაზრობა, რომელიც ასეთ პირობებში ფუნქციონირებს, ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

„მგონია, რომ არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს დღეს ხდება. ეს წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს, პირველ რიგში, იქ მომუშავე ადამიანებისთვის და ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მიდის სხვადასხვა ნივთების შესაძენად, და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის", – განაცხადა მერმა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებთან, რომელიც საკმაოდ დიდი ჯგუფია, რეგულარული შეხვედრები იმართება. თბილისის მერის თქმით, შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი იხილებოდა. ერთი – ბაზრობის გადატანაა ქალაქის სხვა რაიონში. თუმცა, საბოლოოდ მხარეები შეჯერდნენ იმაზე, რომ მერიის ურბანულმა სამსახურმა სპეციალური გეგმა უნდა შეიმუშაოს.

„გასულ წელს ჩვენ დავამტკიცეთ გენგეგმა, რომლის თანახმად, ამ ზონას შენარჩუნებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი… განაშენიანების რეგულირების გეგმა დედაქალაქის ურბანულმა სამსახურმა უნდა შეიმუშაოს და მასში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარება", – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ელიავას ბაზრობა“ თბილისის ცენტრში 1995 წელს გაჩნდა. დღეს იგი წარმოადგენს მაღაზიებისა და სავაჭრო დახლების ერთობლიობას, სადაც ძირითადად სხვადასხვა დასახელებისა და წარმოების სამშენებლო პროდუქცია იყიდება.

2019 წლის მონაცემებით, ბაზრობაზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანია დასაქმებული, სავაჭრო წერტილების მესაკუთრე კი დაახლოებით 150 იურიდიული და ფიზიკური პირია.

ელიავას ბაზრობის სავაჭრო ობიექტებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 150 მლნ ლარი შედის, რაც საერთო საგადასახადო შემოსულობების დაახლოებით 1,5%-ია.

თემები:
თბილისის მერია (202)

მთავარი თემები