თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.
მელიქიშვილის ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 1 დეკემბერს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 24:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.
ქალაქის წინასაახალწლო მორთვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.
თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.
25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.
ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი". გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ–წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა. ღონისძიებების დიდი ნაწილი კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.