თბილისის მერი გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

© photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩაზე, გზის საფარის დაგების სამუშაოები დაათვალიერა, აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გლდანის რაიონში გზის საფარის დაგების სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, შეფერხებებით მიმდინარეობდა, ამჟამად აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

„როგორც იცით, ჩვენ გლდანის რაიონში ვახორციელებთ ორი ცენტრალური - ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციას. აქ ჩვენ გვქონდა პრობლემები, სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო შეფერხებული იყო, რაზეც ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე. დღეს, უკვე დაწყებული გვაქვს მოასფალტების სამუშაოები ვეკუას ქუჩაზე, მეშვიდე მიკრორაიონთან. ჩვენი გეგმის მიხედვით, ორივე ქუჩაზე ასფალტის ქვედა ფენების დაგება დეკემბრის ბოლომდე დასრულებული უნდა იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

მისი განცხადებით,  სამუშაოების ყველაზე მძიმე, პირველ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემას. პროექტის ფარგლებში შეიცვლება განათების ბოძები, ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ავტობუსის ზოლები.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას გულისხმობდა, ამ დროისთვის დასრულებულია. სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) შეასრულა.

ასევე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგების შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0