„ამ ქალაქის მსახურებით არ დავიღლები“: კალაძემ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე ხანდაზმული საპატიო თბილისელი ქალაქზე 66 წლის განმავლობაში ზრუნავს

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. „თბილისობის“ გალაკონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ შვიდ საპატიო თბილისელს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი ახალი სტატუსი და „თბილისობა“ მიულოცა.

წელს საპატიო თბილისელები გახდნენ:

გივი მამულაშვილი – „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული;

გიოზალ დუმოევი – „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს;

ავთანდილ კობახიძე – თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს;

ვალერიან მეთაფლიშვილი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს;

როგნეტა კუჭავა – ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს;

მაია მეგრელიშვილი – თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი;

ნიკოლოზ ლეკიშვილი – თბილისის ყოფილი მერი.

„გულწრფელად ვამბობ, ამ ქალაქის მსახურებით არ დავიღლები. ჩვენი გუნდი სწორედ თქვენი მხარდაჭერით, ჩართულობითა და გვერდში დგომით აკეთებს ქალაქისთვის საჭირო და სასიკეთო საქმეებს. სწორედ თქვენ გვეხმარებით, რომ თბილისისა და თბილისელების წინაშე არსებული გამოწვევები ღირსეულად გადავჭრათ. თბილისი არის ყველა ადამიანი, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მასზე ზრუნავს... ეს ადამიანები თბილისისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ, რასაც ყველანი ვხედავთ. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კალაძემ.

„თბილისობა“ დრონიდან: როგორ აღნიშნავს დედაქალაქი თავის დღეს - ვიდეო - Sputnik საქართველო
„თბილისობა“ დრონიდან: როგორ აღნიშნავს დედაქალაქი თავის დღეს - ვიდეო

„თბილისობის“ გალაკონცერტი კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა და მისი რამდენიმე მელოდია შესრულდა. დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომავალი წლის „თბილისობის“ დღეები მთლიანად კომპოზიტორის ხსოვნას მიეძღვნება.

გალაკონცერტი, რომელშიც საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები, სახელგანთქმული კოლექტივები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ, ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე გაიმართა. „თბილისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დედაქალაქის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამ სხვადასხვა ლოკაციაზე - რიყეზე, ლეღვთახევში და მეტეხის ხიდზე.

„თბილისობას“ 1979 წლიდან აღნიშნავენ. ეს დღესასწაული არ გამართულა თბილისისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს - 1989-1994 წლებში, თუმცა შემდგომში ტრადიცია აღდგა და ახლა თბილისელებმა უკვე იციან, თუ „თბილისობა“ არის, ესე იგი ყველაფერი კარგად არის.

2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად აღინიშნება ოქტომბრის პირველ უქმეებზე, და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0