14:25 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (157)
1648 0 0

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული რეფორმა მგზავრობის საფასურის გაძვირებას არ გამოიწვევს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მეტროსა და ავტობუსის გარდა, საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა მიკროავტობუსებითაც იქნება შესაძლებელი, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან. 

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძოდ, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 0,5 ლარს შეადგენს. პლასტიკური ბარათების გამოყენების შემთხვევაში მგზავრობა საათ-ნახევრის მანძილზე სულ 0,5 ლარია მიუხედავად იმისა, რამდენი გადაჯდომა იქნება საჭირო. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, თბილისში მგზავრობის ღირებულება გრძელ მარშრუტებზე 0,8 ლარია, მოკლე მანძილზე კი 0,5 ლარი.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ დაგეგმილია ერთიანი სისტემის შექმნა, რაც ნიშნავს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება ავტობუსით, მიკროავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა.

„იქნება ერთიანი სისტემა, რაც ნიშნავს, რომ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება ავტობუსით, მიკროავტობუსითა და მეტროთი მგზავრობა. აღნიშნული ინტეგრაცია ძალზე მნიშვნელოვანია და ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ახლო მომავალში გაიმართება“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი განცხადებით, დეტალური გაანგარიშება ჯერჯერობით არ მომხდარა და „საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს რა თანხაც იკრიბება მგზავრებიდან, იგივე თანხა მოიკრიბება მომავალშიც, არ მოხდება უფრო მეტი თანხის ამოღება მგზავრებიდან, ვიდრე ეს ხდება დღეს".

როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, აღნიშნულ მომენტში ინტეგრირებული გადახდის სისტემა მხოლოდ ავტობუსებსა და მეტროში მოქმედებს.

„ეს ნიშნავს, რომ, ვთქვათ, მგზავრმა ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათ-ნახევრის განმავლობაში გადაჯდომის შემთხვევაში ის მეტროში აღარ იხდის. საათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება ასევე მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას", – განაცხადა ხმალაძემ.

ხმალაძის თქმით, რეფორმას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება და ახალი სისტემა 2021 წლის ზაფხულში ამოქმედდება.​

მისი განცხადებით, აღნიშნული რეფორმა მგზავრობის საფასურის გაძვირებას არ გამოიწვევს.

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

 

თემები:
თბილისის მერია (157)

მთავარი თემები