ლილოს ნაგავსაყრელს ბუნებრივი გაზის მოპოვების წყაროდ გარდაქმნიან

© photo: Sputnikნაგავსაყრელი
ნაგავსაყრელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის გეგმები ქალაქის ერთადერთ ნაგავსაყრელს და ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას ეხება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სოფელ ლილოსთან არსებული ნაგავსაყრელის ბუნებრივი აირის მოპოვების წყაროდ გარდაქმნის პროექტზე მუშაობა 2019 წლის სექტემბერში დასრულდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება>>>

ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. უკვე დახურულია კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში. გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ეკოლოგიური ნორმების დარღვევის გამო მოხდა, ის წყალსაცავთან ახლოს იყო, რაც თავისთავად საფრთხეს ქმნიდა. ლილოსა და გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია და მათი საცხოვრებლიდან ნაგავსაყრელების შორს გადატანა მოითხოვა.

„არსებული ნაგავსაყრელი, ფაქტობრივად, სავსეა, იქ ნარჩენების უდიდესი მასაა. შესაბამისად, არის შესაძლებლობა, ამ ნარჩენებისგან პროდუქტი მივიღოთ. ამ შემთხვევაში საუბარი ბუნებრივ აირზე მიდის. ეს პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული საკითხის ისე გადაჭრას, როგორც ეს სხვადასხვა ქვეყნებში ხდება", – განაცხადა კალაძემ.

მისი სიტყვებით, გამოყენებული იქნება ევროპაში აპრობირებული უახლესი ტექნოლოგიები. ნაგავსაყრელზე ბუნებრივი გაზის მოპოვების საწარმოს შექმნის პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი" მოამზადებს.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შენახვის პოლიგონი - Sputnik საქართველო
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

„სრული დოკუმენტაცია 2019 წლის სექტემბერში გვექნება, რის შემდეგაც პროექტის განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდება. პროექტი 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს და ეს პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს, განსაკუთრებით კი ადგილობრივ მოსახლეობას, გადაიჭრება", – აღნიშნა კალაძემ.

მისი განცხადებით, პროექტის რეალიზება უზრუნველყოფს ნაგვის პოლიგონის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას.

ადრე კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 17 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0