თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტია გამოცხადდება

© Sputnik / Alexander Imedashviliდაუსრულებელი შენობები თბილისში
დაუსრულებელი შენობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია ამნისტიას გამოაცხადებს უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

როგორც კალაძემ განმარტა, ამნისტია გამოცხადდება უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში.

„ასეთი შენობა-ნაგებობები ბევრია ქალაქში და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობენ ადამიანები. 600-ზე მეტი ობიექტია დასრულებული, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. შესაბამისად, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან ფართების ფასი საბაზრო ფასთან შედარებით არის ძალიან დაბალი და ვერ იყენებს ვერაფერში, მაგალითად კრედიტის გამოტანა თუ დასჭირდა, არც ერთი ბანკი ასეთ ფართს არ ჩაიდებს", -აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის ინფორმაციით, ამნისტია არ შეეხება უსაფრთხოების და ქალაქის ვიზუალური სტანდარტის დარღვევებს, მაგრამ გავრცელდება სხვა ისეთ დარღვევებზე, რომელთა გამოსწორება უკვე შეუძლებელია. ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით. ამასთან, სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

მერის ინფორმაციით, კვლავ აიკრძალება ცხოვრება იმ შენობებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

„2009 წელს გაუქმდა აქტი და ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში შესაძლებელი გახდა ადამიანების შესახლება და ცხოვრება. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიღებული იყო იმიტომ, რომ სამშენებლო სექტორისთვის ხელშეწყობა მომხდარიყო, თუმცა, დღეს უკვე იკვეთება, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. ვიღებთ გადაწყვეტილებას და გვინდა რომ ეს აქტი, რომელიც 2009 წლამდე მოქმედებდა, დავაბრუნოთ ძალაში" - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით,  მომავალ კვირას გაიმართება პრეზენტაცია და საზოგადოებას დეტალურად წარედგინება ინფორმაცია, თუ რომელ შენობებს შეეხება ამნისტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0