კუს ტბაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა

© photo: Tbilisi City Hall / FBთბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დიპლომატებთან და მერის მოადგილეებთან ერთად დარგო

თბილისი, 25 მაისი — Sputnik.  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დიპლომატებთან და მერის მოადგილეებთან ერთად დარგო.

„მწვანე სივრცეების არსებობა, გამწვანება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ეს არის ახალი სკვერებისა და პარკების მოწყობა, ასევე, არსებული პარკების რეაბილიტაცია. ამჟამად კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობის გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით, შვიდი ათასზე მეტი ძირი ხე ირგვება, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად, ახალგაზრდობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან ჩართულები“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

გამწვანების აქციაში ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელიც იღებდა მონაწილეობას. მან მწვანე ნარგავების დარგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ  სულ მალე თბილისში უფრო მეტი გამწვანებული სივრცე შეიქმნება.

„ხეების დარგვის პროცესში ჩემი მცირე წვლილი შევიტანე. გვჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სურვილის სიმბოლოა, რომელიც თბილისის გამწვანებას ეხება. დარწმუნებული ვარ, ქალაქში უფრო მეტი გამწვანებული სივრცე შეიქმნება. აღნიშნული აქცია ასევე, ახალი ნარგავების გაშენების სიმბოლოა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიხილავთ. შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღევანდელი აქციით, კუს ტბის მიმდებარედ არსებულ ფერდობზე დაახლოებით, 1000-მდე ნერგი დაირგო. ერთი კვირის განმავლობაში კი სულ 6,9 ჰექტარზე, ჯამში 7 600 სხვადასხვა ჯიშის და სახეობის ნერგი დაირგვება. მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, იფანი, ელდარის ფიჭვი, ასევე, გზის ნაპირებზე - ჰიმალაის კედარი. გამწვანების სამუშაოების მიზანი ტყის აღდგენის გზით ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ხელშეწყობაა. ნერგების მოვლა-პატრონობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოეწყობა.

ყველა ახალი ამბავი
0