07:12 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
მეტრო „მარჯანიშვილი“

თბილისის მეტრო წლის ბოლომდე განახლდება: მერია 40 ახალ ვაგონს ყიდულობს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (55)
94 0 0

ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე უკვე ფორმდება ხელშეკრულება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანია ILF-თან, რომელმაც უნდა მოამზადოს წინადადება ახალი, ევროპული სტანდარტის ვაგონების შესყიდვის შესახებ.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. უახლოეს სამი წლის განმავლობაში თბილისის მერია 40 ახალი ვაგონის შეძენას გეგმავს მეტროპოლიტენისთვის, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. 2018-2019 წლებში ამ მიზნით ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. იგეგმება ძალოვანი კაბელებისა და ვენტილაციის სისტემის შეცვლა, რაც მეტროპოლიტენის გახსნის დღიდან, 1966 წლიდან არ მომხდარა.

2019 წლის დასაწყისში მეტროს ოთხი შემადგენლობა განახლდა, წლის ბოლომდე კი კიდევ რვა განახლდება, რაც, ქალაქის მერიის აზრით, 2,5 წუთამდე შეამცირებს ინტერვალს მატარებლებს შორის.

„ვაგონები არის 1975 წელს გამოშვებული. დაახლოებით 52 ვაგონია და რამდენიმე წელში ეწურებათ ყველანაირი რესურსი, არც რეაბილიტაციას ექვემდებარება და არც განახლებას. ამიტომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიქრი ახალი ვაგონების შესყიდვაზე“, — განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე უკვე ფორმდება ხელშეკრულება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანია ILF-თან, რომელმაც უნდა მოამზადოს წინადადება ახალი, ევროპული სტანდარტის ვაგონების შესყიდვის შესახებ. 

„მქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხზე, ხელისუფლებიდან არის სრული მხარდაჭერა და თანხვედრაში ვართ, რომ აუცილებელია ამ პროექტის განხორციელება და ახალი ვაგონების შესყიდვა. შესაბამისად, 2020, 2021, 2022 წლებში მუნიციპალიტეტი 40 ახალი ვაგონის შესყიდვას აპირებს“, — განაცხადა კალაძემ.

მასშტაბური სარემონტო სამუშაოები თბილისის მეტროში არსებული გაუმართაობის გამო დაიგეგმა. 2018 წელს თბილისის მეტროში 305 დაზიანება დაფიქსირდა, 2019 წელს – 100. ამასთან, 30% შემთხვევებში აუცილებელი გახდა მგზავრების ევაკუაცია.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ-ია.

 

თემები:
თბილისის მერია (55)

მთავარი თემები