თბილისის ქუჩებში შესაძლოა ტრამვაი დაბრუნდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლები თბილისის ცაში
ღრუბლები თბილისის ცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში არსებული სატრანსპორტო პრობლემების გათვალისწინებით, დედაქალაქის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად საუბრობს ტრამვაების დაბრუნებაზე, რომლებიც ქალაქის ქუჩებში 2006 წლიდან აღარ დადიან

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თბილისში ტრანსპორტის საკითხზე ჩაატარებენ სპეციალურ კვლევას, რომლის ფარგლებში დედაქალაქის ქუჩებში ტრამვაის დაბრუნებისა და ახალი მეტროსადგურების გახსნის პერსპექტივას შეისწავლიან.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში თბილისის განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

„გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო“, - აღნიშნა კალაძემ.

ტრამვაი თბილისში - Sputnik საქართველო
დრო, როდესაც თბილისში ტრამვაი დადიოდა

მაგალითად, თბილისის მერია დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის საკითხს სერიოზულად განიხილავს, განაცხადა კალაძემ.

კვლევამ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაში დაიწყება, უნდა აჩვენოს, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, აღნიშნა მერმა.

თბილისის მერი ასევე შეეხო სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტის საკითხს და აღნიშნა, რომ კონკურსში გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა, რომლისთვისაც იქნება გამოყენებული შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურა, გათვალისწინებულია თბილისის მერიის პროექტის „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ ფარგლებში.

„იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროსადგურის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს და სრული პროექტი წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს. ამის შემდეგ კი ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცხოვრება ტრამვაის გარეშე: ტრანსპორტის რომელ სახეობას ირჩევენ თბილისელები >>

მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა არის ქალაქის მთავარი სტრატეგიული სატრანსპორტო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტრანსპორტის ყველა ასპექტს: ქვეითების, საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის მანქანების და ველოტრანსპორტის მოძრაობას.

ასევე შემუშავდება თანამედროვე სტანდარტები, მათ შორის ველობილიკების და საფეხმავლო ბილიკების კუთხით. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტიზებული განვითარება.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი 23 სადგურს ითვლის, რომლებიც ორ ხაზზე – ახმეტელი–ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზეა განაწილებული. მეტროს საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, მათგან პირველი ხაზი – 40 კმ, მეორე კი 17 კმ–ია.

პირველი ტრამვაი თბილისში 1904 წელს გამოჩნდა. ტრამვაი მგზავრების გადაყვანას 2006 წლამდე ახორციელებდა. იმ დროიდან ტრამვაი ავტობუსებმა და მეტრომ სრულად ჩაანაცვლა.

ყველა ახალი ამბავი
0