კუს ტბასთან ახალი ნარგავები გაჩნდება

გამოწერა
თბილისის გამწვანების მიზნით დედაქალაქის მერია 600 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 ჰექტარი ფართობის გამწვანებას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მარტო მიმდინარე წელს დედაქალაქის ხელისუფლება 16,8 ათასზე მეტი მცენარის შესყიდვას გეგმავს. კუს ტბის გარდა, ნერგების დარგვა მთელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩებში, სკვერებსა და ბაღებში იგეგმება.

ამ მიზნით თბილისის მერია აპირებს სხვადასხვა ნერგების, მათ შორის, ევროპული მუხის, უნაყოფოს თუთის, იაპონური სოფორას, ჰიმალაის კედარის, იტალიური ფიჭვის, წვრილფოთოლა იფანის და ა.შ. შეძენას.

გიგა გიგაშვილი - Sputnik საქართველო
რამდენი დაიხარჯება დედაქალაქის გამწვანებაზე

შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. ნერგების შეძენაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 633,8 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

კუს ტბა მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მდინარე ვარაზისხევის წყლით იკვებება. მისი მაქსიმალური სიღრმეა სამი მეტრი.

კუს ტბა თბილისელთათვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.

 

ყველა ახალი ამბავი
0